logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საგამოძიებო კომისიისგან დღეს უფრო მეტს ველოდი
- +

4 აგვისტო. 2018. 00:00

 

„თუ კომისია ისეთ ხარვეზებს გამოავლენს, რომლებსაც პირდაპირი მიზეზშედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, შსს შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

 

„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან არ მოვსულვართ. ჩვენ კომისიასთან მოვედით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს პროცესია. სასამართლოში გამოძიების ძირითადი ნაწილი გრძელდება, რომელიც მეორე ინსტანციაშია. გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ეს ერთი.

 

მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვართ აქ და ამიტომ გავეცით ყველა კითხვას პასუხი, რომელიც იყო და ამას გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გამოძიების პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, შეიქმნა იმის დასადგენად, იყო რაიმე სახის ხარვეზები თუ არა და შესაბამისად, ეს კომისიის ფუნქციაა.

 

კომისიას დღეს მე პირადად ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომლებსაც პირდაპირი მიზეზშედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შსს შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გაატარებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისი თქმით, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩამოთვალეს, კომისიას დადგენილი არ აქვს, არის თუ არა პირდაპირ კავშირში საბოლოო შედეგთან.

 

„თუ კომისია, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია მუშაობს, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მთავარი იქნება. ჩვენ კომისიის დასკვნას ველოდებით. დღეს კომისიისგან ცოტათი, უფრო მეტს მოველოდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner