აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლო გადატანის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მართალია აჭარის უმაღლეს საბჭოში ეს საკითხი გაჟღერდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აეროპორტის გადატანა უახლოეს მომავალში განიხილება.
„ეს საკითხი კონცეპტუალურად დააყენეს, მაგრამ თავად ბათუმის აეროპორტს საკმაოდ გრძელვადიანი ოპერატორი ჰყავს, ეს ერთი და მეორე - ეს უფრო სამომავლო პერსპექტივაა და არა დღეს და ხვალ გასაკეთებელი. აქ უნდა დავაკვირდეთ მოთხოვნას ჩვენი აეროპორტის სერვისებზე, ასევე იმ ტრენდებს, თუ რა კუთხით განვითარდება რეგიონი ტურიზმის ნაწილში. ასევე, შეიძლება კერძო თვითმფრინავებისა და ჩარტერების ნაწილში, ცოტა უფრო ფართო სააეროპორტო მომსახურებები დაგვჭირდეს. ამის ფონზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, თუმცა ეს მომავლის პერსპექტივაა და დღევანდელი, ან ხვალინდელი ამოცანა არ არის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ „ამ ეტაპზე ცალსახად გამორიცხულია აეროპორტის გაუქმება“.
„ჩემი პოზიციაა, რომ ბათუმის აეროპორტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა და ამავდროულად, თუ დადგება დღის წესრიგში, შესაძლოა, გაფართოება და ახალი აეროპორტი განვიხილოთ. ეს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზეა დამოკიდებული და წელს და მომავალ წელს გასაკეთებელი არ არის“, - აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს და ეს საკითხი არც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და არც ბათუმის აეროპორტის ოპერატორ „ტავ ჯორჯიასთან“ იყო განხილული.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის დამტკიცების დროს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ კოლეგებს ბათუმის აეროპორტის გადატანის შესახებ ინიციატივა გააცნო. ანანიძის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტს ქობულეთში გადაიტანენ, მთავრობა შეძლებს საინვესტიციო ჭრილში უფრო მიმზიდველი პროექტები განახორციელოს.