logo_geo
eng_logo
ურეკი და ქობულეთი ერთმანეთს შესაძლოა ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს
- +

5 აგვისტო. 2018. 02:02

 

ურეკი და ქობულეთი შესაძლოა ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს. აღნიშნული შესახებ ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი. გეგმის თანახმად, მოსაზღვრე ქ. ქობულეთის დ. აღმაშენებლის ქუჩა ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიაზე გრძელდება, როგორც არტერიული ქუჩა. ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარების პარალელურად, აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია, გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია, შექმნას წინაპირობა მასზე ტრამვაის განვითარებისა.

 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიასა და წვერმაღალას შორის კი სავარაუდოდ განვითარდება საბაგირო გზა.

 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ტერიტორიაზე. ეს არის საკურორტო ზონა, რომელიც ჯამში 1538 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.

 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აღნიშნული ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფას და გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. მაგალითად სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრის მანძილზე მოიცავს პლაჟებს მიმდებარე ტერიტორიითა და სანაპირო აკვატორიით, აიკრძალება სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან; საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა, სამთო და მიწის სამუშაოები; ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.

 

მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად შესაძლებელია მნიშვნელოვანი გახდეს ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე შესაბამისი გადასახადის დაწესება, რაც ხელს შეუწყობს გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების განვითარებასა და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ბიუჯეტის შევსებას.

 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ასახულია საავტომობილო გზების, ქუჩებისა და ხიდების სამომავლო განვითარების გეგმა, რაც მოიცავს დაახლოებით 15,57 კილომეტრ ახალ საავტომობილო გზას, 20,4 კილომეტრ ახალ ქუჩას და 3 საავტომობილო ხიდს. გეგმა ასევე გულისხმობს ჩქაროსნული გზატკეცილის (ავტობანის) სავარაუდო განვითარებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორია ძირითადად სწორ რელიეფს წარმოადგენს, რაც ქმნის კარგ საფუძველს საველოსიპედე ბილიკებისა და ორგანიზებული მოძრაობის განვითარებისათვის. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახულია განსავითარებელი საველოსიპედე ბილიკები, რომლებიც მთლიანდ მოიცავს ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიას, აკავშირებს რა ერთმანეთთან ზღვის სანაპიროსთან საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან, საკურორტო-სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებს და ურეკის რკინიგზის სადგურს იძლევა ველოსიპედებით ორგანიზებული მომსახურების საშუალებას.

 

ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორიაზე სავარაუდოდ განვითარდება წყლის ტრანსპორტიც.

 

ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი წარმოადგენს საკურორტო ტერიტორიას და ადგილს, სადაც არის უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური სილა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საკურორტო განაშენიანება დიდწილად მოუწესრიგებლადაა განვითარებული. მოწესრიგებულ განვითარებას საჭიროებს საავტომობილო გზები, ქუჩები და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner