ბეშუმში დღეს სახალხო ზეიმი „შუამთობა-2018“ აღინიშნება.
წელს სახალხო დღესასწაული „შუამთობა-2018“ მაწყვალთის მთიდან დაიწყო, დასკვნითი ღონისძიება კი 11 აგვისტოს მთა ჩირუხში გაიმართება.
სახალხო დღესასწაულ „შუამთობას“ აგვისტოს პირველი შაბათ-კვირიდან აღნიშნავენ. ზეიმი მთის სამუშაოების სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია მრავალი წელია, გრძელდება და უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად, წლის სარჩო- საბადებელს, მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებენ. დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით ხვდებიან, ბარისა და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და საზეიმო ღონისძიებებს მართავენ.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, ბიზნეს სექტორის წარმომადგელები დაესწრებიან.