საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება" დატოვა.
თამაზ მეჭიაურმა არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე - „ქართულმა ოცნებამ" დაპირებები ვერ შეასრულაო, აღნიშნა, რომ ზოგი დაპირება შესრულდა, თუმცა ნაწილი ვერ შესრულდა და ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ყოველთვის ყველაფრის შესრულება შეუძლებელია.
„რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მეგონა, მას უკვე დატოვებული ჰქონდა პარტია, ვინაიდან ის ადრევე საუბრობდა ნიანგებზე, ბებერ მგლებზე და ა. შ. მეგონა, მაშინვე დატოვა პარტია. ალბათ პარტიის დატოვებას სხვა ადამიანებიც განაგრძობენ, ვინაიდან „ქართული ოცნება" ძალიან დიდი პარტიაა და იქ პროცესები ყოველთვის დინამიკურად ვითარდება. ყველა ვერ იღებს იმას, რაც სურს, ზოგიერთს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს ნაკლები შესაძლებლობა და მეტი ამბიცია. ვისაც ჰგონია, რომ იმას ვერ იღებს, რაც სურს, პარტიას ტოვებს. შეიძლება ვიღაც გაერიდოს ამა თუ იმ პარტიას და სხვაგან გააგრძელოს მოღვაწეობა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.