ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„გოლი საკუთარ კარში“
****************************
სულ რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებული „რუსთავი 2“-ის გადაცემა, დახუნძლული უამრავი ინტერვიუთი, ფაქტებით, ვიდეო-დოკუმენტებით. შეფასებები, დასკვნები, ეგებ ვინმესთვის იყოს საკამათო, ჩემთვის - არა. არც ის მადარდებს, როდის იყო ჩაწერილი ეს ინტერვიუები, ვის ეცვა საზამთროდ თუ საზაფხულოდ... მთავარი ეს არ არის.
მთავარი ის არის, რომ თავად ფაქტი „ციანიდის საქმე“ არის ერთერთი განხეთქილების ვაშლი ჩვენს საზოგადოებაში. და ვიდრე საზოგადოებრივი კონსესუსი არ შედგება ამ „საქმესთან“ დაკავშირებით, ხელისუფლება სულ ჩოქბჯენში იქნება...
ამ საქმეს ცუდი სუნი ასდიოდა თავიდანვე. პირველი საჯარო განცხადებებიდან დაწყებული. ეს იყო პრიმიტივიზმისა და არაკომპეტენტურობის სპექტაკლი - ზეიმი.
სწორედ ამ აქცენტებით იყო სავსე „რეპორტიორის“ ჩემეული პუბლიკაცია. ყველა მაშინდელ შეფასება-დასკვნას დღესაც უყოყმანოდ ვაწერ ხელს. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული გამოძიება, არ იყო შემდგარი სასამართლო.
წელიწადნახევრის წინანდელი, 2017 წლის 16-17 თებერვლის პუბლიკაციას განმეორებით იმიტომ ვაქვეყნებ ჩემს გვერდზე, რომ მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას მაშინდელი რეალობიდან აღქმული ამ „საქმესთან“ დაკავშირებული შუქ-ჩრდილები. ეს მიზნის ერთი მხარე. მეორე კი ის გახლავთ, რომ ჩემს ხმას ვუერთებ ბევრი ადამიანის თხოვნას პრეზიდენტისადმი დეკანოზ მამალაძის შეწყალების თაობაზე.
დანარჩენი, თავად განსაჯეთ.
*****
გოლი - საკუთარ კარში!
მიუხედავად მოწოდებებისა, რომ მშვიდად, დინჯად დავლოდებოდით გამოძიების შედეგებს და გიჟური აჟიოტაჟით არ დაგვეძაბა საზოგადოებრივი გარემო, გრძელდება წარმოდგენა სახელწოდებით „აბსურდის თეატრი!"
არავითარი გამოძიების საიდუმლო, არავითარი "მოწმის გაფრთხილება", არავითარი უდანაშაულობის პრეზუმფცია, არავითარი...
ტალახი... ტალახი... ჭორი! ტყუილი და მართალი... არავითარი „რეპუტაციის გაფრთხილება"... ანაფორიანი ძველბიჭები და ადექვატური ტერმინოლოგია...
ერთი სიტყვით: აბსოლუტური მარაზმი!
ის, რაც ახლა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე ხდება, ალბათ არის პროფესიულად ჩაფიქრებული, ორგანიზებული და ზუსტად გამიზნული... პროვოკაცია!
მიზანი მიღწეულია!
ბრავო!
დედა-ეკლესია დისკრედიტებულია!
ორჯერ ბრავო!!
პატრიარქის უახლოესი გარემოცვა დისკრედიტებულია!
ბარვო!!!
სამაგიეროდ არენაზე გამოჩნდნენ და „პოპულარობა" მოიპოვეს ტიპებმა, რომელთა ადგილი, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ თუ მორალურ სანაგვეზე უნდა იყოს!!! თუ ხისტად: ციხეში!
თავად პატრიარქს, რომელიც ჯერ კიდევ რეანიმაციაში იმყოფებოდა, მიაყენეს ისეთი მორალური ტრამვა, რომელსაც ვერანაირი მედიცინა ვერ გაანეიტრალებს.
რამეთუ გულზე ნაჭდევებს ქირურგის დანა ვერ შველის
ახლა დიდი ვიშ-ვიშია. ისე აირია მონასტერი, რომ არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება იმ უკიდურეს დაძაბულობაზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში დიდი არეულობა და დაპირისპირება გამოიწვიოს, როგორც ეს ივარაუდა არც თუ რიგითმა ჩინოსანმა სახელმწიფოში!
ახლა მავანი მიამიტურად აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიამ და საზოგადოებამ არასწორად გაიგე და აღიქვეს ჩვენი „ტიტინიო"... პროკურატურის პრესცენტრის განმარტება, ალბათ, ასე უნდა გავიგოთ: თქვე წერა-კითხვის უცოდინრებო, კარგად წაიკითხეთ ჩვენი განცხადება და საკუთარ თავს დააბრალეთ მისი ინტერპრეტაციაო... იქეთ გვიტევენ!
რა გამოდის? პრემიერი და ხელისუფლების უმაღლესი პირები ინფორმაციას მხოლოდ ტელეეკრანებიდან იღებენ?
ისინი ხაზგასმით რომ გვეუბნებიან, რომ მათ მიაწოდეს კომპეტენტური ინფორმაცია? და ვის შეეძლო მათთვის ასეთი წონადი, დამაჯერებელი „მოხსენება"- ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს? (სხვათაშორის, მას უნდა უმადლოდეს საზოგადოება ამ ფაქტის (!) გასაჯაროებას)
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
„ჩვენ პასუხს ვერავინ მოგვთხოვსო", თავს იზღვევენ. მიხვდნენ რომ მთლად "ბრძნულად" ვერ მოიქცნენ. ვერც მოიქცეოდნენ!
შესახსენებელია მათთვის (და არა მარტო): ცოდნა და პროფესიონალიზმი ინტრიგებით არ იხვეწება. არც ერთი-ორი „გაშინაურებული" ჟურნალისტის მეშვეობით „საჭირო", მაპროვოცირებელი ინფორმაციის „გაჟონვის" მათთვის ჩვეული მეთოდით.
მაგას ზნეობასთან ერთად, განათლება, გამოცდილება და ჭკუა ჭირდება (ორივე მხრიდან) და არა თავის გამოჩენის დაუოკებელი სურვილი, რაც თინეიჯერულ ასაკს არგადაცილებულ გოგო-ბიჭებს უფრო ახასიათებთ და რომელიც უცხო უნდა იყოს მაღალი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთათვის.
ამიტომ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ისევ წყალში ჩაიყარა ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც მართლა აქვს მთავარ პროკურატურას და ამას, ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობა, საკუთარ თავთან ერთად უნდა უმადლოდეს ერთი-ორი ნამეტნავად გაჯეჯილებულ „ლამაზმანს", რომლებმაც უნდა გაითავისონ „პიარის" უპირველესი მოთხოვნა: საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა პროფესიაა და იგი გამორიცხავს ზერელობას, ბაქი-ბუქსა და ფაცი-ფუცს!
სწორედ ამ მოთხოვნების იგნორირებამ მოიტანა ის მკვეთრად უარყოფითი შედეგი, რაც მოყვა მედიის წინაშე მთავარი პროკურორის საგანგებო გამოსვლას, რომელმაც საზოგადოებას გაახსენა ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებით სისხამ დილით ჩატარებული ბრიფინგი.
მაშინდელი შსს მინისტრისა და გენერალური პროკურორის მაშინდელი გამოჩენა ეკრანზე შოკი კი იყო მოსახლეობისთვის, მაგრამ აბსოლუტურად გამართლებული გახლდათ, რამეთუ უნიკალურ, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში მანამდე არმომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას - პრემიერის „უცნაურ" დაღუპვას ეხებოდა.
მაგრამ, ახლა?
ახლა რა საჭირო იყო სწორედ მთავარი პროკურორის გამოჩენა?
თუ პროკურატურის პრესცენტრი და თავად პროკურორი მიიჩნევენ, რომ ეს „დანაშაული" ასეთი უბრალო იყო და ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ „ერთ-ერთი პირის მკვლელობას პატრიარქის გარემოცვიდან", ნუთუ მორიგ, რიგით, ჩვეულებრივ ბრიფინგზე სტრუქტურის ტრადიციული „პიარშიკი" ვერ „ჩაარაკრაკებდა" იმ ტექსტს, რომლითაც ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი ნებსით უნებლიედ ყალყზე დააყენა?
რაღაც არ მახსოვს ბოლო წლებში ის შემთხვევა, როცა ე. წ. "თავიდან აცილებულ" ასეთ რიგით (!!!!) დანაშაულზე, საგანგებო (!!!) ბრიფინგი გაემართოს თავად მთავარ, გენერალურ, განუმეორებელ პროკურორს! თუ ვინმეს გახსოვთ, შემახსენეთ და...
არა! ჩანაფიქრი, ალბათ სხვა იყო. სიტუაცია არ განვითარდა ისე, როგორც მავანი ვარაუდობდა.
აი, ეს არის ახლა გასარკვევი, ეს არის ყველაზე მწვავე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: რატომ გაკეთდა ასეთი მინიშნებები, რატომ აღიქვა საზოგადოებამ სავარაუდო მსხვერპლად სწორედ პატრიარქი?
ის რომ თემა, საკითხი ძალიან ფაქიზია და მორწმუნე საზოგადოებისთვის, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის - მნიშვნელოვანი, ეს აქსიომაა. და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ხელისუფლებს სურვილი და ნაბიჯი გამოეხატა ამ ამაზრზენი (და სახიფათო) ფაქტისადმი თავისი დამოკიდებულება და პოზიცია.
მაგრამ, საჭირო კი იყო ის დამაეჭვებელი „აქცენტები", რომელიც გაჟღერდა უმაღლეს დონეზე, რომ პრაქტიკულად თავიდან იქნაო აცილებული საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული დიდი დანაშაული და გმირი-პროკურატურის მიერ თავიდან აცილებული დიდი ტრაგედია!
ანდა, ისეთი რა ინფორმაცია მიაწოდეს უმაღლეს დონეს, რომ ქვეყანა შეძრა პრემიერის კვალდაკვალ, პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების" ფრაქციის თავკაცის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის და სხვა მაღალჩინოსანთა ხაზგასმული, დაბეჯითებული, იურიდიულად გაუმართლებელი (!) შეფასებებით სავსე განცხადებებმა?
ჯერ ერთი: მხოლოდ პრემიერის განცხადებას არ დავუჯერებდით? ან, პარლამენტის თავმჯდომარის... ან, თუნდაც პირველი ვიცე-პრემიერის... ან... ერთი სიტყვით, ვერ გადავეჩვიეთ „პაკაზუხობის" შეჯიბრს, იმის მინიშნებას, თუ ვინ არის მთავარი, გადამწყვეტი, რეალური, გამორჩეული (და ა.შ) პოლიტიკოსი, მმართველი, ფიგურა ხელისუფლებაში...
„რეპორტიორს" არაერთგზის გაუმახვილებია ყურადღება და „უსვრია" რეპლიკა ამ თემასთან დაკავშირებით. შეაყარე კედელს ცერცვი!
ეტყობა, თავის გამოჩენის სწორედ ასეთმა „ჯირითმა" და „მარულამ" სამთავრობო-საპარლამენტო-საპროკურორო სტრუქტურების „პიარშიკებს" დაუბლაგვა მთავარი პრობლემა: შინაარსობრივი! ჰოდა, წავიდა, მაგრამ რა წავიდა!
არ ვიცი ვინ აჩქარდა ან ააჩქარეს, რატომ გაკეთდა მინიშნებები, რომლებიც აშკარად (!!!!!!!!), ცალსახად (!!!!!!!!!!) მიანიშნებდნენ სავარაუდო დანაშაულის ობიექტს!
ვინ არის „მაღალი სასულიერო იერარქი"? - შორენა თეთრუაშვილი?! არამცთუ „მაღალი იერარქი", საერთოდ არ არის სასულიერო პირი ეს მანდილოსანი. ჯვარი წერია მას, მაგრამ საერთო ეროვნულ ტრაგედიას და დაპირისპირებას ვერც მისი „ძალადობრივი" ჩამოშორება გამოიწვევდა...
სწორედ ამიტომაც, გამოიწვია ვნებათა ღელვა მინიშნებებმა, რომლებზედაც სავსებით მართებულად საუბრობს უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე: „პროკურატურა და პოლიტიკოსები პირდაპირ პატრიარქზე მიანიშნებენ. ამით საზოგადოების დაზაფვრა ხდება. ამით ეკლესიას ადგება ზიანი".
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვები:
- ვინ ან რა რჯიდა ხელისუფლების მაღალი რანგის საერო, სახელმწიფო "იერარქებს" საჯაროდ (!) გაეკეთებინათ საგანგებო (!) განცხადებები ისეთი მინიშნებებით, რომლებიც "კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე" მიუთითებდნენ გვარის დაუსახელებლად?!
ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი დინჯი და გაწონასწორებული პრემიერი, ცხელ გულზედაც კი არ გააკეთებდა ისეთ განცხადებას, თუ ამის საფუძველს არ მისცემდა კომპეტენტურ სტრუქტურათა ხელმძღვანელების სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია.
და თუ მან და მისმა კოლეგებმა არასწორად "გაუგეს" პროკურატურას, როგორც ამას უტიფრად ამტკიცებს პროკურატურის პრეს-ცენტრი, რატომ უმალვე არ გასწორდა შეცდომა, რატომ „აითრია ფეხი" ყველამ ამ არასწორი ინტერპრეტაციის გასაბათილებლად?
- ვინ ჩააყენა უხერხულ დღეში სახელმწიფოს ყველაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნები, ვინ მიაწოდა მათ „უმწიფარი" ინფორმაცია, ვინ იმუშავა იმ განცხადებების მომზადებაზე, რომლითაც ისინი საზოგადოების წინაშე წარსდგნენ?
- ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვეყნის მოსახლეობის „გაგიჟებაზე"?
აშკარაა: გატანილია გოლი საკუთარ კარში!
თუმც სამთავრობო -საპროკურატურო გუნდების „პიარშიკებისთვის" ეს უცხო ხილი არ არის!
ჯანდაბას მათი თავი, მაგრამ როცა გოლი გააქვთ სრულიად საქართველოს კარში, მასზე რეაგირება, სერიოზული, პრინციპული, ჭკუის სასწავლებელი - აუცილებელია!
სხვანაირად სახელმწიფო არ არსებობს!
ჰოდა, ამასთან დაკავშირებით სულ „ფეოლას" შეძახილი მახსენდება: დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!