logo_geo
eng_logo
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- +

6 აგვისტო. 2018. 14:21

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

 

სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

პროცესზე ტოხოსაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან წარდგენილი ბრალი გააპროტესტა, ასევე აღნიშნა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტოხოსაშვილი იმ გამოძიების ფარგლებში დააკავა, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე აწარმოებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე წაუყენეს. ამასთან, მისი საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის ჩხრეკისას „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნებიც.

 

ბრალდების მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე  –  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

 

პირველი არხის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი შესაძლოა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველ ვიდეოსთანაც იყოს კავშირში, რომელიც დღეს „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

 

რაც შეეხება მუქარის შემცველ მიმართვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვიდეოს შესახებ გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner