საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკს შეხვდა.
იან ჰამაჩეკისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. ღრმავდება ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოსა და ჩეხეთს შორის.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.