logo_geo
eng_logo
„დიდი მადლობა, ჯანო“ - რუსეთის სახალხო არტისტის ქართული მადლობა ანანიძეს
- +

10 მაისი. 2016. 12:30


რუსული პრემიერ ლიგის 27-ე ტური საუცხოო გამოდგა მოსკოვის „სპარტაკისთვის", რომელიც თანაქალაქელ „ლოკომოტივთან" ერთად ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „სპარტაკმა" მოსკოვურ დერბიში „დინამო" 3:0 გაანადგურა, „ლოკომოტივმა" კი „როსტოვთან" მარცხი იწვნია - 1:2. შედეგად გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულამდე დავიდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „სპარტაკი" შანსებს ინარჩუნებს.


„დინამოსთან" დაპირისპირებისას მოედანზე საწყისი წუთებიდან თამაშობდა ჯანო ანანიძე, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. იგი საუცხოოდ ერთვებოდა შეტევებში და ჩვეულად ელეგანტური გადაცემებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. 55-ე წუთზე, ქართველმა ნახევარმცველმა აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანო 69-ე წუთზე შეცვალეს, „სპარტაკის" გულშემატკივრებსა და რუს სპორტულ ჟურნალისტებს მისი ბრწყინვალე გამოსვლა მხედველობიდან არ გამორჩენიათ. ცნობილმა რუსმა მსახიობმა, სახალხო არტისტმა დმიტრი ნაზაროვმა, რომელიც მოსკოვის „სპარტაკის" აქტიური გულშემატკივარია, მატჩის შემდეგ ანანიძეზე ისაუბრა.


„დღეს ძალიან ბევრი ვიყვირე, იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელებს ჩემი ესმით ან გრძნობენ მაინც. „სპარტაკის" თამაში ჯერ კიდევ დიდად არ მომწონს, მაგრამ გაცილებით უკეთესია. მინდა, ჯანოს მადლობა გადავუხადო, დიდი მადლობა, ჯანო. გამოდის ადამიანი მოედანზე და მაშინვე ეტყობა, რომ ეს ფეხბურთელია, რომელიც იქ ცხოვრობს, მღერის, მოედანზე ბრწყინვალედ მოქმედებს", - განაცხადა დმიტრი ნაზაროვმა.


დარჩენილ ტურებში „სპარტაკს" „ურალთან", „ტერეკთან" და „უფასთან" მოუწევს ქულების მოსაპოვებლად ბრძოლა, „ლოკომოტივს" კი შედარებით რთულად აქვს საქმე, სახლში „კუბანსა" და „მორდოვიას" უმასპინძლებს, გასვლით მატჩში კი „ზენიტს" დაუპირისპირდება.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner