logo_geo
eng_logo
„პროგრესული საქართველო“ კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩს წერილობით მიმართავს
- +

10 მაისი. 2016. 12:31


არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული საქართველოს" თავმჯდომარის ბექა სამუშიას განცხადებით, დღეს საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური ევროინტეგრაცია და ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხია.


მისი თქმით, „პროგრესული საქართველო" იწყებს კამპანიას, სახელწოდებით, „ახალგაზრდები ევროინტეგრაციისთვის", რომელიც ევროპული ღირებულებების უკეთ წარმოჩენასა და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას შეუწყობს ხელს.


„კამპანია გულისხმობს ზოგადად, ახალგაზრდებისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ინტეგრაციის საკითხებში. ამას გარდა, ვიზა-ლიბერალიზაციაზე მოსალოდნელ დადებით შედეგთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, ასოცირების ხელშეკრულების გაცნობას და სხვა", - განაცხადა სამუშიამ „პირველ პრესკლუბში".


მისი თქმით, კამპანიის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომელიც ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდაა მიმართული.

 

„გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან რუსული იდეების პროპაგანდას. მიგვაჩნია, რომ ეს კამპანია სწორედ ასეთი ადამიანების საქმიანობის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ვაპირებთ, ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის", - განაცხადა სამუშიამ. 


„პროგრესული საქართველოს" თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სტუდენტურ გაერთიანებებს, მოქალაქეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის საკითხები, ჩაერთონ ამ მოძრაობაში.


„დღეს, 13:00 საათზე, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები, მეგობრები, გავმართვათ ხეთაგუროვის ქუჩიდან მსვლელობას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისამდე. გვექნება ბანერები, წარწერებით - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე დროშები და ბოლოს, ოფიციალური წერილით გვინდა მივმართოთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს. წერილში საუბარია ჩვენს დამოკიდებულებაზე ევროკავშირთან მიმართებაში. გვინდა, შევთავაზოთ სამომავლო პარტნიორობა ამ კამპანიის ფარგლებში", - განაცხადა სამუშიამ.


„პროგრესული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, კამპანია 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და კამპანია როგორც დედაქალაქს, ისე რეგიონებს მოიცავს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner