რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანისთვის ბრალდებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა-მ ირანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 18 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
სამართალდამცავებმა მ. ა საქართველოში შემოსვლისთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 168 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. მ. ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მ. ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.