დღეიდან ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციები მოეწყობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში დედაქალაქში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას.