ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, 4 აგვისტოს, გულრიფშის რაიონის სოფელ საკენთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის სამმართველო იუწყება.
„ქართულ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არ მქონე პირი, სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოდან აფხაზეთში გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მიემართებოდა. მას თან ჰქონდა საკვები, დანა, ფარანი და ფული“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულ პირს მანამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელი აქვს მოხდილი.
შემდგომი პროცესუალური ქმედებებისთვის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.