აგვისტოს ომში 228 სამოქალაქო და 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაშავდა 1747. ევროკავშირის მონაცემებით საკუთარი სახლის დატოვება მოუწია 150 000 ადამიანს, მათგან დღემდე დევნილობაში 30 ათასი რჩება. 128 სოფელი დღემდე საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ არის.
ამ ციფრების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან კონკრეტული ისტორიებით, ოცნებებით, მიზნებით... ომმა მათ ყველაფერი წაართვა. აგვისტოს ომიდან ორ წელში „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ გამოსცა წიგნი „გმირი“, სადაც ომში დაღუპული ჯარისკაცების ისტორიაა გადმოცემული. მისივე დაარსებულია ყაყაჩოების აქცია. ხსოვნის დღე ამჯერადაც და უკვე მერვე წელია სწორედ ყაყაჩოების აქციებით მიმდინარეობს. ჩვენ თამარ ფხაკაძეს დავუკავშირდით:
- თამარ, საიდან დაიბადა ყაყაჩოების იდეა?
- აგვისტოს ომმა ყველა შეგვძრა. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც ოკუპანტისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა გააერთიანა. და ეს იყო ჩვენი საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიტიური სიგნალი მსოფლიოსთვის. ამდენად, ყაყაჩოს აქცია არა მხოლოდ ჩვენი გმირების ხსოვნას უკავშირდება, თუმცა, უპირველესად ჩვენ ამ აქციით ქედს სწორედ მათ წინაშე ვიხრით, არამედ, ის ასევე გამოხატავს ჩვენს ერთობას, სიგნალს აძლევს მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ოკუპაციის წინააღდეგ ერთსულოვანი დამოკიდებულება გვაქვს... ყაყაჩო, მოგეხსენებათ ბრიტანეთშიც, ხსოვნის სიმბოლოა. ვფიქრობ, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირი ბიჭებიც იმსახურებდნენ ასეთივე სიმბოლოს. მიხარია, რომ აქცია, რომელიც ჩემი დაფუძნებულია, დღემდე აქტუალურია და ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები მისი მკერდზე დამაგრებით გამოხატავენ საკუთარ განწყობას. ასე რომ, ყაყაჩო ხსოვნისა და ერთობის სიმბოლოდ იქცა, მიხარია, რომ ეს აქცია დავაფუძნე.
- რაც შეეხება წიგნს, „გმირი“ უკვე მეხუთედ გამოვიდა... რამდენადაც ვიცი, თქვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ამ გამოცემაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის ისტორიებიც შესულიყო...
- დიახ, უკვე მეხუთე გამოცემაა და ის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვეცით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ ამისთვის. რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილს მათი ისტორიები წიგნში შევიდა. ტატუნაშვილს სამხედრო გამოცდილება ჰქონდა - აგვისტოს ომის დროს ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა, რაც შეეხება ოთხოზორიას, მას სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. შესაბამისად, ის ერთადერთი სამოქალაქო პირია, ვინც ამ წიგნში მოხვდა. მისი ისტორიით გვსურს ყველას ვაჩვენოთ რამდენად დამანგრეველია ოკუპაცია, როგორ შლის ის ადამიანებს ცხოვრებიდან, ანადგურებს მათ ოცნებებს...