ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. - თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ვალეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.