logo_geo
eng_logo
სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა
- +

10 აგვისტო. 2018. 17:15

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყოფილი გენერლისა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა სწორედ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში არარეგისტრირებული იარაღით მოკლა.

 

პროკურორის მტკიცებით, საქმეზე დაკითხულია რამდენიმე მოწმე და მათი ჩვენებები ჭანტურიას მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტს ადასტურებს.

 

ბრალდების მხარის განმარტებით, თუ გიორგი ჭანტურია თავისუფალი იქნება, ის დააბრკოლებს გამოძიების პროცესს, ან შესაძლოა მიიმალოს. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ჭანტურიას მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა სასამართლოს 10 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართეს.

 

ადვოკატ ანა კეკენაძის განცხადებით, გიორგი ჭანტურია გამოძიების დაწყებით ეტაპზე თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

 

მისი განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზებით დასტურდება, რომ ჭანტურიას ქუთათელაძე არ მოუკლავს და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება.

 

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულის მიმალვის საფრხე არ არსებობს, რაც მყარდება იმით, რომ ჭანტურია 8 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა.

 

„რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ გუშინ მედიით გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც თითქოს ჭანტურიას დის ხმა ისმის, ეს არის ფალსიფიცირებული და ჯერ კიდევ სასამართლოში წარმოდგენამდე გაავრცელეს. ამით შექმნეს ფონი, თითქოს ჭანტურიას შეხება ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან", - განაცხადა ადვოკატმა კეკენაძემ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner