logo_geo
eng_logo
ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება
- +

10 აგვისტო. 2018. 18:23

 

„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მედიის წარმომადგენლებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის, მათ შორის მეორე კვარტალში 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გააქტიურებული საინვესტიციო საქმიანობა, ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, გაზრდილი ტურიზმი, ასევე პოზიტიური ტრენდით ხასიათდება მიმდინარე პერიოდში საგარეო სექტორის მდგომარეობა.

 

„მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ეროვნული ვალუტის მდგომარეობას,  2018 წლის 10 აგვისტოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1 პროცენტით არის გამყარებული“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრის მონაწილეები უფრო აქტიურად აკვირდებიან რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის თურქეთისას, სადაც ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას აქვს ადგილი, ანალოგიური ვითარებაა რუსეთში რუბლის შემთხვევაშიც.  

 

„აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანია რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია და ივლისში 15.85 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

ინფორმაციისთვის: 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 28.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ოპერატიული მონაცემებით ივლისში ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

 

o          მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, რომელიც იანვარ-ივნისში 24.4 პროცენტით (266.8 მილიონი აშშ. დოლარით) გაიზარდა. ივლისის თვეშიც ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა. ტურისტების რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა, რაც წინასწარი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 25 პროცენტიან ზრდას ნიშნავს.

 

o          2018 წლის იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები 19.1%-ით (101.8 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და  634.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

 

o          კურსის სტაბილურობას ხელს უწყობს ლარიზაციის ზრდის ტენდენციაც.  2017 წლის  დასაწყისიდან დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია სახეზეა. 2018 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით დეპოზიტების ლარიზაცია 2016 წლის ბოლოსთან შედარებით გაზრდილია 9.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სესხების ლარიზაცია  10.9 პროცენტული პუნქტით. განსაკუთრებით გაზრდილია ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 14.9 პროცენტული პუნქტით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner