შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება.
მისი თქმით, საქართველოში 3 700 000 მოქალაქეზე დაახლოებით 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული. სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველწიურად დაახლოებით 550-დან 600-მდე ადამიანს შეადგენს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში.
„სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებლობის სფერო. საკმაოდ დიდი კამპანიაა დაწყებული „შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისათვის". მათ შორის სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპორექტების ინიცირებაც მოხდა.
ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთი არის სკოლებში განათლების კომპონენტის გაძლიერება ბავშვებისათვის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, მეხანძრეებსა და 112-ის წარმომადგენლებს გასვლითი ლექციები ექნებათ სკოლებში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, წელს ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში 30-მდე სკოლაში განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოში მოხდება მისი განვრცობა.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სასტუმრო „რუმსში" გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას.