სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკზონების მონიტორინგს.
„11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.
პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის, წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულებია დამატებითი ძალები იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.
აჭარის ა/რ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.