შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ. მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე. ც. და ა. პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე. ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ. მ. და 1983 წელს დაბადებული ს. პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ. მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ. მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ. მ-ს და ს. პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ. მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.