უამინდობის გამო თუშეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილება ისევ აიკრძალა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დაგუბებული ტბა აადიდა და გზა დაფარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
„დაზიანებულ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. უხვმა ნალექმა ტბის დონე გაზრდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. მოსახლეობას თხოვნით მივმართავთ და ვაფრთხილებთ, რომ თავი შეიკავონ თუშეთში გადაადგილებისგან, ვიდრე არ გამოიდარებს“, - განაცხადა ახმეტის მერმა.