სამეგრელოში ფერმერებმა თხილის ჩაბარება უკვე დაიწყეს. პროდუქციის ღირებულება წელსაც დაბალია. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩასაბარებელ პუნქტებში თხილის ფასი 50 თეთრიდან იწყება და 2.50-მდე აღწევს.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავალია. თუმცა, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფაროსანაზე მეტად ამ სეზონზე თხილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს თხილის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას - თურქეთს კარგი მოსავალი აქვს. ამასთანავე, ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული ლირა, ამიტომ როგორც მოწერელია აცხადებს, მსოფლიო ბაზარზე თურქული თხილის ფასი 5.80 დოლარი იქნება, ქართულის კი 5.30 დოლარი.
მისივე განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის პოზიციები, შარშანდელის შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა.
საქსტატის ცნობით, თხილის ექსპორტი 2017 წელს წინა წელთან შედარებით, 97 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ახალი ან ხმელი თხილის ექსპორტმა 82.4 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი - 179.4 მილიონი იყო. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში შესაბამისად, 183.4 და 176.2 მილიონი ლარის მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, წინა წელს საქართველოდან ექსპორტზე 15 136.9 ტონა, 2016 წელს კი - 27 108.4 ტონა ახალი ან ხმელი თხილი გავიდა.