საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ექსპერტმა ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეეხება.
„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მე ვუთხარი პრემიერს, რომ მივემგზავრები სოხუმში, რათა შევაფასო ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი ანგარიშისთვის, რომელიც მოგვიანებით გამოიცემა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე"," - განაცხადა თომას ჰამერბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრო.