პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძე „რესპუბლიკელი" დეპუტატის დავით ბერძენიშვილის რჩევას გამოეხმაურა თამაზ მეჭიაურის „ქართული ოცნებიდან" გარიცხვასთან დაკავშირებით.
„თუ კითხვას სვამთ - NATO თუ რუსეთი, გეტყვით, რომ NATO; თუ კითხვას სვამთ - ევროკავშირი თუ „ესენგე", გეტყვით, რომ ევროკავშირი, თუ კითხვას სვამთ - ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, გეტყვით, რომ მეჭიაური.
მეჭიაურის პოზიცია არის ერთი ინდივიდუალური დეპუტატის მოსაზრება.
პარტია „ქართული ოცნება" საკუთარ წევრებთან თავად მოახერხებს გაარკვიოს ურთიერთობები. მგონი, აქ გარიცხვაზე არ დგას საკითხი. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ პოზიციები არის განსხვავებული, მკვეთრად განსხვავებული და მითუმეტეს ძალიან პრინციპულ და სტრატეგიულ საკითხებზე, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს და პარტიაც ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს. ეს არის შიდაპარტიული საკითხი, რომელიც გადაწყდება გარეპარტიების ყოველგვარი მოწოდებებისა და მითითებების გარეშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.