logo_geo
eng_logo
უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა რთულდება
- +

13 აგვისტო. 2018. 12:14

 

უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. ცვლილებების შეტანა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.

 

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ილია წულაიას ეკუთვნით.

 

ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი გახდება ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამას გარდა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.

 

დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

 

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე 95 ქვეყნის მოქალაქეს აქვს.

 

„საქსტატის“ განსაზღვრებით, იმიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც ბოლო 12 თვეში 183 დღეს ან მეტხანს იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და, ამასთანავე, წინა 12 თვის განმავლობაში 183 დღე ან მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდა გატარებული. ამ განმარტებით, 2016 წელს საქართველოში 90 228 იმიგრანტი იყო. 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა.

 

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად, შემთხვევების 53%-ში უძრავ ქონებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ, შემდეგ მოდიან უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და ა.შ. 2012-2016 წლებში საქართველოში უცხოელებზე 70 508 ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო 2017 წელს გაცემულია 1173 ბინადრობის ნებართვა (მოთხოვნის შემცირება დაკავშირებულია საქართველოში უვიზოდ ყოფნის წესების გამარტივებასთან). ქვეყნების მიხედვით, ბოლო წლებში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, ინდოეთის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეებზე გაიცა.

 

2012-2016 წლებში არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 408 პირის განაცხადი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც ჯამში შესული განცხადებების დაახლოებით 12%-ია.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner