logo_geo
eng_logo
საკრებულოს რეკომენდაციით, თბილისის ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ფსიქოლოგი და ლოგოპედი იზრუნებს
- +

10 მაისი. 2016. 18:15


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის სერტიფიკატები გადასცა.


პირველ ეტაპზე, გადამზადების კურსი ბაგა-ბაღებში მოქმედმა 60-მდე ფსიქოლოგმა და 30-მდე ლოგოპედმა გაიარა.


თამარ ტალიაშვილმა ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს გადამზადების კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


„ჩვენი მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვისთვის ფსიქოსომატური განვითარების თანაბარი შესაძლებლობების გარემოს შექმნაა და ამ პროცესში კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების როლი ძალიან დიდია", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


მისევე თქმით, ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატებით უზრუნველყოფის საკითხი 2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხვა ინიციატივებთან ერთად აისახა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობა თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად დაიწყო.


ტრენინგის მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, სხვადასხვა უნარ-ჩვევების ფორმირებისა და ბაღში ინკლუზიური გარემოს შექმნაა.


პირველი ეტაპის გადამზადებულ სპეციალისტებს პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი ახალი სახელმძღვანელო - „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში" და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის" გადაეცათ.


ამ ეტაპზე ფსიქოლოგის შტატი უკვე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 72%-შია დაშვებული, 2016 წლის ივნისი-ივლისისთვის კი აღნიშნული შტატებით ბაგა-ბაღების 100%-ის უზრუნველყოფაა დაგეგმილი.


მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის მნიშვნელობაზე თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ყუფარაძემ ისაუბრეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner