ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის, მეოთხე საჰაერო არმიის მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს.
სამხედრო სწავლების სცენარის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის დესანტი გუდაუთის პოლიგონის სანაპირო ზოლზე სანაპიროს დაცვის მიზნით გადმოსხეს.
საერთო ჯამში სწავლებაში 2 500 სამხედრო მონაწილეობს. ასევე ჩართულია სამხედრო ტექნიკის 600 ერთეული, მათ შორის სადესანტო გემი БДК, ვერტმფრენები Ка-52 და ახალი ტანკები Т-72Б3.
„სწავლებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის ორ ეტაპად არის დაყოფილი და პოლიგონებზე გაიმართება, სადაც აფხაზურ დანაყოფებთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს განვახორციელებთ“, - განაცხადა რუსეთის 49-ე არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ვლადისლავ ერშოვმა.