„ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას საქართველოში მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს. მეჭიაური ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გარე ფაქტორების მიერ არის ორკესტრირებული. აქვე დასძენს, რომ სწორედ ეს გარე ძალები ცდილობენ „ქართულ ოცნებაში" თავიანთი მომხრეების 20-30 პროცენტი მაინც ჩანერგონ.
„ვფიქრობ, „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასა და პრემიერ-მინისტრზე გარე ძალებისგან ხდება ზეწოლა, რათა 2012 წლის მსგავსად, „ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში „დავარცხნილი ნაციონალები" და „რესპუბლიკელები" შეიყვანონ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს NATO-ში გაწევრიანების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან და საერთოდ, მიმაჩნია, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გარე ძალების მიერ არის ორკესტრირებული, NDI-ის და IRI-ის ე.წ. კვლევები, „ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელი განცხადებები და არასამთავრობოთა აქტიურობა ერთ რამეზე მიგვანიშნებს - კარგად ორგანიზებული ძალა ხელისუფლებას აშანტაჟებს, რომ მისთვის სასურველი პირები შეიყვანონ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, რათა ამ გზით მოიპოვონ პარლამენტში უმრავლესობა; თუ ეს არ გამოუვიდათ, მაშინ უკრაინული „მაიდნის" მოწყობაზე ფიქრობენ! გარე ძალების ჩანაფიქრია, „ქართულ ოცნებაში" თავიანთი მომხრეების 20-30 პროცენტი მაინც ჩანერგონ! ამათ დაემატებიან საკუთრივ „ნაცები", ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები" და ისინი აღმოჩნდებიან უმრავლესობაში..." - ამბობს თამაზ მეჭიაური.