16-დან 26 მაისის ჩათვლით იგეგმება ლიტერატურული საღამოები. მსურველს საშუალება ექნება, შეხვდეს მწერლებს, რომელთა ნაწარმოებებიც წაკითხული აქვთ და უკვე კარგად იცნობენ.
თბილისში მეორე საერთაშორისო წიგნის ფესტივალი იხსნება.
იური ანდროხოვიჩი, დიბისი პიერი, დიმიტრი ბიკოვი, ედგარ კერეტი - ეს ის ავტორები გახლავთ, რომლებთან შეხვედრაც მკითხველისთვის დიდი სიურპრიზი იქნება.
მწერალთა სახლი, კავკასიური სახლი, ილიაუნი, კლუბი „ფრონტ ლაინდ ჯორჯია" - გახლავთ ადგილები, სადაც მწერლებთან შეხვედრები იქნება შესაძლებელი.
ასევე იქნება შედარებით ვიწრო წრისთვის განკუთვნილი შეხვედრის ადგილები. ეს იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტები, ძირითადად უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
თბილისში 15 ქვეყნიდან ჩამოდის 20-მდე სტუმარი. პოლონეთი, ბრიტანეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ჩილე, იაპონია, შვედეთი, ისრაელი - ეს იმ ქვეყნების არასრული სიაა, საიდანაც ჩამოდიან სტუმრები.
შეხვედრებს ძირითადად ექნება დიკუსიების ხასიათი.
ფესტივალში შევა ლია სტურუას წიგნის „მგლის საათის" პრეზენტაციის საღამო. ასევე იქნება ბრიტანულ-ქართული პოეტური პროექტი „მტრები", სადაც ზაზა კოშკაძე, ლია ლიქოკელი და ზურა ჯიშკარიანი სამ ახალგაზრდა ბრიტანელთან ითანამშრომლებენ.
ფესტივალის მონაწილე ასევე იქნებიან გიორგი კეკელიძე და პოეტი ლევან სამნიაშვილი.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალს უცხოელი პოეტები გახსნიან, ხოლო შემდგომ ათი ახალგაზრდა პოეტის მარათონი გაიმართება.
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორები გახლავთ შოთა იათაშვილი და დათა გაბუნია.
შეგახსენებთ, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.