საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის კვირეულის ფარგლებში, დღეს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საჯარო ლექცია „რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები" წაიკითხა.
ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ საგარეო ურთიერთობებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესით. ასევე, შეკითხვები დაისვა თბილისის არქიტექტურაზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე, ბიზნესის განვითარებაზე.
პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას და ახალგაზრდებს საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
„თუ არჩევნებზე არ მიდიხარ, არ გეგონოს, რომ ამით ხმას არავის არ აძლევ. არჩევნები შედგება და რეალურად შენ, რომ ამ პროცესში არ მიიღებ მონაწილეობას. შენ ამ დროს ხმას აძლევ ყველაზე შავბნელ არჩევანს. არჩევანს, რომელიც შენ მიგიჩნევს სამართავად", -განაცხადა პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას.
პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქე შეგნებით, ტრადიციებით იყოს ევროპელი.
„შენი კულტურა იყოს ევროპული, შენი მოქალაქეები ამ რეჟიმში ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ, მაგრამ ამავე დროს, შენ გჭირდებოდეს გარკვეული რეფორმების გატარება, იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემა გახდეს ევროპული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენს წინაშე დადგა ქვეყნის თავისუფლების საკითხი.
„თავისუფლება სწორედ ის არის, რომ ჩვენ შევქმნათ სახელმწიფო და პოლიტიკური სისტემა, ისეთი როგორიც ბუნებრივად გვახასიათებს. რომელიც ადეკვატური იქნება ჩვენი კულტურის, ჩვენი საზოგადოებრივი ღირებულებების, ან ჩვენი ლიტერატურის", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას თვითონ განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ზოგადი ჩარჩოები.
„ევროპული პროცესი ჩემთვის საინტერესო და მომხიბვლელია იმიტომაც, რომ ეს ჩვენი ისტორიის გაგრძელებაა. ეს ის წარსულია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს მოემსახუროს ამ პოზიციას. „საზოგადოებრივი პოზიციის და არგუმენტაციის როლი, ძალიან მნიშვნელოვნად წამოსაწევია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ამ ნაბიჯს გადადგამს და სერიოზულად შეძლებს, რომ მომავალი პოლიტიკური პროცესი საქართველოში იყოს სწორედ საზოგადოების მიერ შეკვეთილი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.