logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: გაგრძელება იქნება!
- +

16 აგვისტო. 2018. 23:39

 

დედა ეკლესიას რომ ბევრი ებრძვის, ეს საიდუმლო არაა, ბევრიც-უჩივის. ცოტა ხნის წინ მართლმადიდებელ ეკლესიას 8 ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა და მოსამართლე მერაბ ტურავამ ეს სარჩელი დააკმაყოფილა. ეტყობა, ჩვენ ვერ გავიგეთ და არ გვესმის კონკორდატის არსი, ბატონ ტურავას კი, ესმის. ჰოდა, ბატონმა (ტოლერანტმა) ტურავამ ყველას აგვიხსნა, რომ კონკორდატი ფარატინა ქაღალდია.

 

ადრეც დავწერე და ახლაც ვამბობ: რვავე ორგანიზაციაზე, რომლებმაც მართლმადიდებელ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს, ცალ-ცალკე ვისაუბრებ. ერთ-ერთ მომჩივანზე, კერძოდ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციაზე, მარტივად რომ ვთქვათ, კათოლიკურ ეკლესიაზე უკვე დავწერე და აღვნიშნე, რომ უახლოეს ხანში ოფიციალური წერილით პირადად რომის პაპსაც მივმართავ. ახლაც ვიმეორებ: რომის პაპი ჩემს წერილს აუცილებლად მიიღებს. ახლა, წესით, მომდევნო მომჩივანზე უნდა დამეწერა, მაგრამ ზოგიერთი კათოლიკე ოპონენტის მხრიდან კრიტიკისა და თავდასხმის ისეთ ქარ-ცეცხლში აღმოვჩნდი, რომ იძულებული ვარ, ჩემზე თავდამსხმელ კათოლიკპუნქტობრივად ვუპასუხო:

 

  1. მაშ, ასე. რომის პაპს სილვესტერ პირველს არ მოუნათლავს მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ის საქართველოში არასდროს არ ყოფილა. გარდა ამისა, სილვესტერ პირველს არ გამოუგზავნია საქართველოში არქიეპისკოპოსი ევსტათი და ბოლოს, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ნათლობა სილვესტერ პირველის ხელიდან არანაირ „კურთხევის წერილს“ არ საჭიროებდა.

 

ასევე, კათოლიკე თავდამსხმელებს განგიმარტავთ, რომ წმინდა მღვდელმთავარი ევსტათი, ანტიოქიის არქიეპისკოპოსი ( ხსენების დღე 21 თებერვალი/ 5 მარტი) პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე გახლდათ. სწორედ ევსტათი ანტიოქიელმა მონათლა მირიან მეფე და ნანა დედოფალი და სხვანი, მთავარნი და წარჩინებულნი ივერიისანი. მანვე ანუ ევსტათი არქიეპისკოპოსმა აკურთხა ქართლის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე. ევსტათი ანტიოქიელი საქართველოში მოავლინა იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა (კონსტანტინე პირველი დიდი), იგივე იმპერატორი- გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი.

 

  1. სხვათა შორის, გარკვეული დროის განმავლობაში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია ანტიოქიის პატრიარქს მოიხსენიებდა, როგორც ანტიოქიის, სირიის, არაბეთის, კილიკიის, ივერიის, მესოპოტამიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად.

 

  1. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ინიციატორი და ორგანიზატორი უდაოდ იყო რომის პაპი ინოკენტი მესამე (ერისკაცობაში ჯოვანი ლოტარიო დი სენი); ინოკენტი მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაზე ბიზანტიელთა დაყოლიებასაც ცდილობდა. ბიზანტიელებმა უარი თქვეს. კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამ ფაქტორმა და სხვა ფაქტორებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჯვაროსნებმა გეზი იერუსალიმის ნაცვლად, კონსტანტინოპოლისკენ აიღეს და ქალაქს ალყა შემოარტყეს. მართალია, ინოკენტი მესამემ ჯვაროსნებს წერილობით აუკრძალა კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი მაინც აიღეს, გაძარცვეს და დაარბიეს. ამის შედეგად, ბიზანტიის იმპერია ოთხ ნაწილად დაიშალა. ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლის ლათინთა იმპერია გამოაცხადეს. რომის პაპმა ინოკენტი მესამემ იმპერატორად სიხარულით აკურთა ჯვაროსნების ერთ-ერთი წინამძღოლი გრაფი ბალდუინ პირველი ფლანდრიელი. ამასთან, ინოკენტი მესამემ ბერძენ მართლმადიდებლებს პატრიარქად ვენეციელი კათოლიკე თომა მოროზინი დაუნიშნა. 1261 წელს ბერძნებმა კონსტანტონოპოლიდან ჯვაროსნები განდევნეს და კონსტანტინოპოლი დაიბრუნეს, მაგრამ ბიზანტია ვეღარასდროს დადგა ფეხზე. სწორედ ამ დღიდან მოყოლებული ბერძნებს სისტემატურად ამარცხებდნენ და ავიწროვებდნენ თურქები და 1453 წელს თურქებმა კონსტანტინოპოლი საბოლოოდ აიღეს და ბიზანტიამ, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. სხვათა შორის, 1453 წელს რომის პაპი გახლდათ ნიკოლოზ მეხუთე ( ერისკაცობაში თომაზო პერენტუჩელი), რომელმაც რეალური დახმარება ან არ გაუწია ან ვერ გაუწია ბერძენ ქრისტიანებს. მე არავინ ვარ, რომ ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ იმისი უფლება ხომ მაქვს, რომ არ მოვიწონო რომის პაპის ინოკენტი მესამისა და ნიკოლოზ მეხუთის ქმედებები? ვფიქრობ, უდაოა, რომ ბიზანტიის დაცემას მოჰყვა ოსმალეთის თურქული იმპერიის ენითაღუწერელი ბოროტებანი! რომ არა ინოკენტი მესამის ძალზედ ბუნდოვანი როლი, რომ არა ნიკოლოზ მეხუთის ინერტულობა, რომელიც რეალურად არ დაეხმარა ბერძნებს, თურქები ვერ აიღებდნენ კონსტანტინოპოლს და შესაძლოა, არ გვენახა ქართველთა, ბულგარელთა, ბერძენთა, რუმინელთა, უნგრელთა და სხვათა გენოციდები. შესაძლოა, დღეს საქართველოს 33%-ი არ აღმოჩენილიყო თურქეთის ფარგლებში, თურქების მიერ დაღვრილი ქართული სისხლით არ გაწითლებულიყო შავი ზღვა.

 

  1. სწორედ ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ და ლათინთა კონსტანტინოპოლის იმპერიის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 1240 წელს- შემოდის კათოლიკეთა მისია საქართველოში. ცხადია, ქართველებიც მოგზაურობდნენ რომში და იტალიელებიც- საქართველოში. ცხადია, ქართველი მართლმადიდებელი მღვდელმთავრებიც არა ერთხელ ყოფილან რომში და პირიქით, კათოლიკე მღვდელ-მსახურებიც-თბილისში, მაგრამ, ვიმეორებ: როგორც ასეთი, რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობა კათოლიკეებმა საქართველოში დაიწყეს დაახლოებით 1240 წელს, ანუ ჯვაროსნების მიერ კონსტანტონოპოლის აღების შემდეგ. 1318 წელს რომის პაპმა იოანე ოცდამეორემ თბილისში კათოლიკური მისია დააფუძნა, მაგრამ ამ მისიამ 1507 წელს არსებობა შეწვიტა, რადგან ქართველ ხალხში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ამასთან, ეს მისია ირანის მიტროპოლიას ემორჩილებოდა. 1626 წელს საქართველოში ახალი კათოლიკური მისიები შეიქმნა, მაგრამ მხარდაჭერა ამათაც ვერ მოიპოვეს. მე-17 საუკუნის ბოლოს, მესხეთში თურქები მართლმადიდებლებს სასტიკად უსწორდებოდნენ, კათოლიკეებს კი გაცილებით ლმობიერად ექცეოდნენ, მაგრამ ამ ფაქტორმა მესხეთში კათოლიციზმი მასობრივად მაინც ვერ დაამკვიდრა. თურქი მოხელეების აღწერით, მესხეთში 200 კათოლიკე ქართველიც კი არ აღმოჩნდა!

 

  1. მართალია, ქართულ ინტერნეტსივრცეში ჩემი კათოლიკე თავდამსხმელები წერენ, რომ საქართველოში 50 000 კათოლიკე ქრისტიანი ცხოვრობს, ხოლო უცხოურ ინტერნეტსივრცეში ამ ციფრებს აორმაგებენ და ასამმაგებენ, მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე: 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 17 000 ქართველი და დაახლოებით 8000 სომეხი კათოლიკე ქრისტიანია, ანუ ჯამში, 2014 წელს საქართველოში 25 000-მდე კათოლიკე ცხოვრობდა და სრულიად ნათელია, რომ განვლილ 4 წელიწადში ეს რიცხვი არ გაორმაგებულა და არც გასამმაგებულა. კათოლიკეთა საერთო რაოდენობა კავკასიაში (საერთო ჯამში) იმდენად მცირეა, რომ კათოლიკეთა კავკასიის აპოსტოლური ადმინისტრატურა აერთიანებს როგორც საქართველოს, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს.

 

  1. კათოლიკეებს, ბაპტისტებს, პროტესტანტებს, მოკლედ, ყველას, ვინც პოლემიკა გამიმართეთ, გეკითხებით: დოგმატიკა რა შუაშია? განა მე დოგმატიკას შევეხე? მაგრამ რადგან მეკამათებით, აქაც გპასუხობთ: ძე რომ მამისაგან იშვება, სად იშვება, ნეტავ? ძე მამისაგან იშვება და მამაში დაივანებს, სული მამისაგან გამოვალს და ძეში დაივანებს, მამა, ძე და სულიწმინდა ურთიერთს მოიცავენ, ბერძნები იტყვიან: პერიხორესის! ანუ ღმერთში ბრუნვაო! ღმერთი არც სამყაროშია და არც სამყაროს გარეთაა. ის სამყაროს მიღმაა. ღმერთი არც ძალიან დიდია და არც უზარმაზარია, არც ძალიან პატარაა და არც მინიატურულია, ღმერთი ზომის მიღმაა, მას ზომა არა აქვს!

 

თავისი არსით ღმერთი ქმნილებასთან ანუ სამყაროსთან შეურეველიცაა და უშუალოდ შეუხებელიც, ამიტომ გპასუხობთ: სული კი არ გარდმოდის სამყაროში მამისა და ძისაგან, არამედ ღვთაებრივი ენერგიები გარდმოდის სამყაროში. მამა შემოქმედია, ძე-შემქმნელია, სული კი ცხოველისმყოფელია, მაგრამ შემოქმედებისას, შექმნისას და გაცოცხლება-განხორციელებისას ღმერთი ანუ ყოვლდაწმინდა სამება სამყაროში თავისი უქმნელი ენერგიებით მოქმედებს!

 

სხვათა შორის, 1996 წელს რომის პაპთან, იოანე პავლე მეორესთან არსებულმა კომისიამ შეიმუშავა ახალი დოკუმენტი, სახელწოდებით „ სულიწმიდის გამოსვლის ბერძნული და ლათინური ტრადიციის შესახებ“. ეს დოკუმენტი იტალიურ, ბერძნულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ვატიკანის ტიპოგრაფიამ გამოსცა. დოკუმენტი საბოლოოდ ხსნის ფილიოკვეს პრობლემას, რამეთუ ამ დოკუმენტში ნათლად წერია, რომ კათოლიკური ეკლესია სრულად აღიარებს 381 წელს მეორე მსოფლიო კრებაზე მიღებული მრწამსის ბერძნულ ტექსტს და რომ... ციტატა:“ სამების ორი სხვა პირის დაუსაბამო საწყისი მხოლოდ მამაა,- ის ერთადერთი წყაროა ძისაც და სულიწმიდისაც. მარტოოდენ მამისაგან თავდაპირველად, საკუთრივ და უშუალოდ გამოდის სულიწმინდა“. ეს მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების დადებითი თანამშრომლობის ძალზედ კარგი მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ კათოლიკური ეკლესია ღვთაებრივი ენერგიების საკითხშიც სრულად გაიზიარებს მართლმადიდებელი მამების პოზიციას. თუმცა, არ მესმის, მე რატომ უნდა ვწერდე ამას და მე რატომ მეპაექრებით ამ საკითხებზე?!

 

  1. ასევე, არ მესმის გარდაცვლილ ჩვილებზე მე რატომ მისვამთ კითხვას, მაგრამ აქაც გიპასუხებთ: ადამი ვნებითა და ცოდვით დაავადდა. მისი შთამომავლები, ყველანი ვნებითა და ცოდვით ვართ დაავადებულნი. თანაც, დაავადებულნი ვართ ჩასახვის მომენტიდან. ცხადია, ადამის შთამომავლებზე ვსაუბრობ და არა მაიმუნის შთამომავლებზე. იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა მსგავსად ანგელოზისა, მაგრამ თავი რომ მოჰკვეთეს, სად აღმოჩნდა? სად და ჯოჯოხეთში! სად იყო აბრაამი ან მოსე? ან ესაია ან იეზეკიელი? არ იცით? ჯოჯოხეთში იყვნენ! ჯოჯოხეთში სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს. არის მდგომარეობა ტანჯვისა და არის მდგომარეობა არც ტანჯვისა და არც სიხარულისა, რადგან ჯოჯოხეთში სიხარული არც არის და ვერც იქნება. სიხარული და ნეტარება მხოლოდ სამოთხეშია. ამგვარად, თუ ადამიანის სული ჯოჯოხეთში არც ტანჯვისა და არც სიხარულის მდგომარეობაში აღმოჩნდა, ეს უკვე დიდი ნუგეშია. სწორედ ამ მდგომარეობაში იყვნენ აბრაამიც, მოსეც, იოანე ნათლისმცემელიც და სხვანიც, მართალნი, ვიდრე ქრისტემ სამოთხეში არ ამოიყვანა. უდანაშაულო ჩვილთა ბედი (თუნდაც, დედის მუცელში მოწყვეტილთა ბედი) მართლმადიდებელ მამათა სწავლებით ასეთია: ისინი სამოთხეში და სიხარულში არ არიან, მაგრამ არც ჯოჯოხეთის ტანჯვას განიცდიან. როგორც ზემოთ ვთქვი, ჯოჯოხეთშიც არის მდგომარეობა ,- არც სიხარულის, მაგრამ არც ტანჯვისა და ეს მდგომარეობა ნუგეშია. უდანაშაულო ჩვილები, ადამის დაავადების გამო, ხვდებიან ამ მდგომარეობაში და ამ მდგომარეობაში ქრისტეს მეორედ მოსვლადე იქნებიან. მეორედ მოსვლისას კი, ქრისტე ყოველი ჩვენგანის ბედს ინდივიდუალურად გადაწყვეტს: ჩემსასაც, თქვენსასაც და თითოეული ჩვილისასაც ცალ-ცალკე. ასე რომ, ჩემზე თავდამსხმელებს სიმშვიდისაკენ მოგიწოდებთ!

 

კათოლიკეებო, ბაპტისტებო, პროტესტანტებო, ადვენტისტებო და სხვანო: ჩვენ, მართლმადიდებლები, არავითარ უპატივცემულობას თქვენდამი არ გამოვხატავთ. თქვენ საქართველოში სტუმრად ხართ და ამაში არაფერია არც გასაბრაზებელი, არც სამარცხვინო და არ გასაოცარი. გასაოცარი ისაა, რომ კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო (17 000 ქართველი და 8000 სომეხი კათოლიკეს სახელით) 3 მილიონ მართლმადიდებელს უჩივის. ძალზედ საინტერესოა, ის 17 000 ქართველი და 8 000 სომეხი კათოლიკე თუ უჭერს მხარს ბატონ პაზოტოს?! და საერთოდ, იციან თუ არა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი მათი ეპისკოპოსის მიერაა ხელმოწერილი? ვისაც მე შევეხმიანე და ვკითხე, არავინ არაფერი იცის და დარწმუნებული ვარ, ბატონ ჯუზეპეს საკუთარი მრევლისთვის რომ აზრი ეკითხა, მრევლი ამ საჩივრის შეტანაზე მკაფიო უარს ეტყოდა.

 

მართლმადიდებლებს არასდროს მოგვსვლია აზრად, რომ ვატიკანში კათოლიკური ეკლესიისათვის გვეჩივლა და არც რომში, ანუ იტალიაში გვიჩივლია კათოლიკური ეკლესიისათვის, მაგრამ ბატონი ჯუზეპე პირში ქრისტეს მიერ ძმობაზე გველაპარაკება და ზურგსუკან ხმალამოღებული გვებრძვის. გვებრძვის ბაპტისტებთან, პროტესტანტებთან და ტარიელ ნაკაიძის ჯგუფთან ერთად. საინტერესოა, ქართველმა მუსლიმანებმა თუ იციან ტარიელ ნაკაიძის სამარცხვინო საჩივრის შესახებ? გაგრძელება იქნება!

 

ირმა ინაშვილი

2018 წლის 15 აგვისტო. თბილისი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner