logo_geo
eng_logo
დოლარის მკვეთრი გაუფასურება შესაძლებელია? რატომ არ ამბობენ უარს ქვეყნები ამერიკულ ვალუტაზე
- +

17 აგვისტო. 2018. 03:40

 

თურქული ლირის კრახის შემდეგ მთელი მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით უფასურდება. თურქეთშიც და სხვა სახელმწიფოებშიც დიდწილად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ და დოლარზე უარის თქმის გზებს ეძებენ. მართლაც ასეთი ცუდია თუ არა ამერიკული ვალუტა? შეუძლია თუ არა მსოფლიოს მის გარეშე არსებობა? შესაძლებელია თუ არა თავად დოლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება?

ბევრი ქვეყანა ერთმანეთთან ანგარიშსწორებას დოლარში აწარმოებს. რატომ?

სპეციალისტების თქმით, დღეს „ქვეყნები“ მყიდველების ან გამყიდვლების როლში აღარ უნდა წარმოვიდგინოთ, რადგან ბიუჯეტის ხარჯები მსოფლიო შესყიდვების 20%-ზე ნაკლებია. არსებობენ კომპანიები და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ და ყიდულობენ საქონელს და მომსახურებას, და ისინი წყვეტენ რომელ ვალუტაში აწყობთ მათ გარიგებების წარმოება.

საერთაშორისო გარიგებებში გათვლებისათვის საჭიროა რომ გამოყენებადი ვალუტა იყოს საკმარისად მყარი და ქმნიდეს ფულადი სახსრების დაგროვების საშუალებას. მაგალითად, ვალუტა, რომლის ინფლაციის დონეც ძალიან მაღალია, ან ვალუტა, რომლითაც სახელმწიფო ვალის გადახდაზე უარს ამბობს, არასანდოა.

დოლარს ბევრი ვალუტისაგან სწორედ დაბალი ინფლაცია გამოარჩევს (აშშ-ში საშუალო ინფლაცია 1981 წლიდან წლიურად დაახლოებით 2%-ა), ასევე 1933 წლის შემდეგ საგარეო ვალთან დაკავშირებული დეფოლტების არარსებობა (ფორმალურად აშშ-ს დეფოლტი დაუშვია, მაგალითად, 1979 წელს, მაგრამ ეს დაკავშირებული იყო მხოლოდ კონგრესში დავებთან ან ტექნიკურ შეფერხებებთან). გარდა ამისა, სულ ცოტა 1945 წლის შემდეგ ნომინალური მოცულობით აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა (ნომინალური მშპ-ს მიხედვით აშშ უმსხვილესი ეკონომიკაა. შემსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით მას ჩინეთმა გაუსწრო). ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დოლარის გაცვლა ყველაზე მწარმოებელი ქვეყნის საქონელსა და მომსახურებაზე ყოველთვის შეიძლება.

ევროც ხომ მყარი ვალუტაა? და ჩინური იუანი? მათზე გადასვლა არ შეიძლება?

ნელ-ნელა ასეც ხდება. ევროპული და ჩინური ეკონომიკები სულ უფრო იზრდება, და ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ვალუტებშიც შეიძლება წარმოებდეს. მაგრამ გადასვლა იმაზე ნელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. მაგალითად, ევრო უკვე დაახლოებით 20 წელია არსებობს, მაგრამ ამ ვალუტას საერთაშორისო ანგარიშსწორებებში შედარებით იშვიათად იყენებენ ვიდრე დოლარს: დოლარის წილი 2018 წელს დაახლოებით 42%-ა, ევროსი - დაახლოებით 36%, იუანის - 2%-ზე ნაკლები.

იუანთან დაკავშირებული შეზღუდვები დოლართან და ევროსთან შედარებით ბევრად არსებითია, რაც განპირობებულია ჩინეთის უფრო დახურული ფინანსური სისტემით და ამ ქვეყნას და დანარჩენ მსოფლიოს შორის კაპიტალის შეზღუდული მოძრაობით.

აშშ მართლაც იყენებს დოლარს სხვა ქვეყნებზე გავლენისათვის, მაგალითად, სავაჭრო ომებში?

ალბათ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შეიძლებოდა თქმა, რომ - არა. მაგრამ ჯერ პრეზიდენტმა ობამამ და შემდეგ ტრამპმაც, გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნების „გასაფრთხილებლად“ დოლარზე ოპერაციების შეზღუდვის გამოყენება შესაძლებელია.

მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა ცნებების გამიჯვნა. სავაჭრო ომებში - ანუ იმის იმედით, რომ საკუთარი ვალუტის მიზანმიმართული, მეტიც, სახელმწიფო დონეზე დასუსტების ხარჯზე სხვა ქვეყნებში მეტ საქონელს გაყიდი - დოლარის გამოყენება რთულია. მსოფლიოში ყოველდღიურად სავალუტო ბაზრებზე 5 ტრილიონი დოლარის ფარგლებში ვაჭრობენ, და ამ მოცულობის თითქმის 90% დაკავშირებულია დოლართან. აშშ-ის ეკონომიკის წლიური მოცულობა - 20 ტრილიონ დოლარზე მეტია, ანუ ვაჭრობის ერთკვირიან მონაკვეთში დოლარის ისეთი მოცულობის გაცვლა ხდება, რაც ერთი წლის მთლიან შიდა პროდუქტს აჭარბებს. ასეთ პირობებში სახელმწიფოს არ ეყოფა რესურსი კურსზე სერიოზული გავლენისათვის - ის მაინც მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება.

დოლარი შეიძლება მკვეთრად გაუფასურდეს?

ეს ძალიან თეორიული პერსპექტივაა. დოლარის, ისევე როგორც ნებისმიერი თავისუფლად მცურავი ვალუტის ფასი, შეიძლება იცვლებოდეს, და ის პერიოდულად სუსტდება კიდეც სხვა ვალუტების მიმართ. მაგრამ აშშ, დღემდე ყველაზე მსხვილი ეკონომიკაა, რაც გამყარებულია შიდა მოთხოვნით (ის აშშ-ის მშპ-ს ⅔-ზე მეტია), ხოლო დანარჩენი მსოფლიო სიამოვნებით ყიდულობს ამერიკულ საქონელს - დაწყებულს iPhone-დან, დასრულებულს რთული ტექნოლოგიური გადაწყვეტლებებით ნავთობისა და გაზის სფეროში. ამიტომ დოლარის მკვეთრი ვარდნის ალბათობა დაბალია.

თუმცა არსებობს ვარიანტი, როდესაც ამერიკელებმა კრიზისი შეიძლება საკუთარი ხელით შექმნან. მაგალითად, დღემდე პოლიტიკოსები თითქმის ყოველწლიურად თანხმდებიანსახელმწიფო ვალისთვის ნომინალური ზღვარის გაზრდის საკითხზე. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ პოლიტიკა ეკონომიკაზე მაღლა დადგა, შეიძლება სახელმწიფოს ვალდებულებებთან დაკავშირებით დროებითი ტექნიკური დეფოლტი წარმოიქმნას. ამის ალბათობა შედარებით დაბალია, რადგან ბიუჯეტი პირველ რიგში სხვა ხარჯებს შეამცირებს, ხოლო ვალთან დაკავშირებულ ხარჯს პრიორიტეტად დაიტოვებს.

დოლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ჰიპოთეტურ სცენარში დიდი მსოფლიო კრიზისი გარდაუვალია. რადგან ვალუტის ფასის ასეთი ვარდნა, როგორც წესი ეკონომიკაში დიდი პრობლემების შედეგია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner