logo_geo
eng_logo
როგორ ეხმარებიან ქართველები უცხოელებს ქართული მიწის ყიდვაში და ვინ არიან ე.წ უცხოელი ინვესტორები?
- +

17 აგვისტო. 2018. 22:12

 

საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართველები, ინტენსიურად იღებენ რუსეთის მოქალაქეობას, რასაც ჩვენი მეზობელი და ოკუპანტი ქვეყანა მათ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეობის საფუძველზეც სთავაზობს და პოლიტიკურადაცაა დაინტერესებული ამ ფაქტით, იმიტომ რომ რუსული პასპორტების დარიგება და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეგიდით საომარი მოქმედებების გაჩაღება რუსული სახელმწიფოს სტილია. ამასობაში კი ქართული სახელმწიფო, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ ხელსაც უწყობს, რადგან, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება. მეორე მხრივ, შეუიარაღებელი თვალისთვისაც ნათელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მეტად მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში და არა ტურისტებად, არამედ აქ, საქართველოში, საკუთრების მფლობელებადაც. ჩვენს ქვეყანაში საკუთრება არაერთი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რომლებმაც სავსებით რეალურია, არც თუ შორეულ მომავალში საქართველოს მოქალაქეობაც მიიღონ. მით უფრო, რომ ჩვენთან იმ უცხოელსაც კი, რომელიც აქ თავისთვის იძენს კერძო საკუთრებას, ინვესტორებად ვნათლავთ. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას და შემომსვლელთა დალხენილ დემოგრაფიულ ვითარებას, არც სინგაპურიზაციაა გამორიცხული, როდესაც ქვეყანაში აბორიგენი მოსახლეობა უმცირესობაა. მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ დემოკრატიისა და ღია კარის პოლიტიკის მუქ მხარეებს.

 

მამუკა არეშიძე: – ჯერ ერთი, არ უნდა იყიდებოდეს და ახლა მორატორიუმია გამოცხადებული, მაგრამ  გამოსავალი იპოვეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოში მიწების შეძენა უნდათ. ისინი ქართველებზე ქორწინდებიან, ან ფიქტიურად, ან ფაქტობრივად და იმ ქართველების მეშვეობით იძენენ აქ მიწას. ასე რომ, ციხე შიგნიდან ტყდება. სომხებმა არ მოინდომეს, რომ ერევანში ჩინური მაღაზიები ყოფილიყო და ამიტომ არავინ ყიდულობდა ჩინურ მაღაზიაში არაფერს. ქართველები კი იყიდებიან. მე მესმის საზოგადოების, როდესაც მთავრობას აკრიტიკებს, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ჩვენ გაუთავებლად ვლაპარაკობთ ჩვენს ტოლერანტობაზე და მართლაც ტოლერანტები ვიყავით, მაგრამ ჩვენი მეფეების დიდი ნაწილი გონიერი მმართველი იყო. დღეს ბევრი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე გადის საქართველოს მოქალაქეობიდან, იღებს სომხეთის ან უმეტესად რუსეთის მოქალაქეობას და შემდეგ ისევ უკან ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობას. ჩვენი კანონმდებლობა მათ ამის საშუალებას აძლევს, ოღონდ ადამიანს, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, უნდა ჰქონდეს შეზღუდული უფლებები.

 

– იმიტომ რომ შეიძლება, პოლიტიკაზე  დიდი გავლენა მოახდინოს და უცხო ქვეყნებს  მისცეს ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში ჩარევის პირდაპირი ბერკეტი.

 

– რასაკვირველია, ამიტომ ორმაგ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შეზღუდული უფლებები, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს კი – განსაკუთრებული უფლებები. აი, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი.

 

– ვხედავთ, რომ მიგრანტები, მათ შორის, უკვე მოქალაქეებიც, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. საბოლოოდ, არც ისაა გამორიცხული, რომ ევროპულ დემოკრატიას შეექმნას საფრთხე სწორედ დემოკრატიის გამო, რაკი უცხოებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას და მათ, უბრალოდ, თავიანთი წესები დანერგონ.

 

– დასავლეთის ყველა ქვეყანაში ასე არ ხდება, ასეთი მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩემი აზრით, ფსევდოტოლერანტულები არიან. როდესაც შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებ რაღაცას და ამით ვითომ ტოლერანტობას იცავ, წამგებიანია. მაგალითად, გერმანიაში მუშაობს ერთი გერმანელი მუშა და იმდენს რიცხავს სახელმწიფო ფონდში, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის ხელშემწყობია, რომ თავისი შემოსავლით ინახავს ოთხ მშიერ მიგრანტს,  მაგრამ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არ ხდება ასე. მაგალითად, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა: ნებისმიერი უცხოელი, ვინც 35 000 აშშ დოლარს ან უფრო მეტს დააბანდებს, არის ინვესტორი. არადა წავიდა ეს დრო და საჭიროა ამ თანხის გაზრდა, მაგალითად, 250 000 ან 500 000 აშშ დოლარამდე, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მოაწყდნენ საქართველოს, თავიანთ ქვეყნებში ღარიბად მიიჩნევიან. მაგალითად, ირანელები.

 

– ინდოელებიც.

 

– განსაკუთრებით ირანელებს ვგულისხმობ, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტი ირანელია შემოსული და ჩვენს ქვეყანაში ვიღებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ირანშიც არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრუბელი შეძლებითა და ინტელექტით, ჩვენი კანონმდებლობა კი მათ ბიზნესმენებად ასაღებს. ამდენად, უპირველესად, სწორი საემიგრაციო პოლიტიკაა შესაქმნელი და დროს უნდა აუწყო ფეხი, დამთავრდა 35 000 დოლარის პერიოდი.

 

– საქართველოში კერძო საკუთრებას იძენენ არაბები, ირანელები, რუსები, თურქები, იმიტომ რომ ეს მარტივია და გასაგებია, რას ემსახურება სამშენებლო ბუმიც თბილისში. დიდი ეჭვი მაქვს, რომ კოლოფებივით ჩადგმულ სახლებს სწორედ აღმოსავლელები ყიდულობენ. ისინი ჯერ მოქალაქეები არ არიან, თუმცა თუ მათ გადაგვაჭარბეს რაოდენობრივად, ესეც პრობლემა მგონია. თუ ვცდები?

 

– ეს ცოტა სხვა საკითხია. მაგალითად, ცნობილმა რუსმა წამყვანმა მურატაევამ შეიძინა ბინა ძველ თბილისში, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე შეძლებულმა პროდიუსერმა თემურ ბეკმამბეტოვმაც. მათთვის ამ ბინების შეძენა მუდმივ ბინადრობას არ ნიშნავს, მხოლოდ ეგზოტიკაა. ბევრი იძენს კერძო საკუთრებას თბილისში ამავე მიზნით, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ისაა, რომ ამ ადამიანების დიფერენციაცია მოახდინო. ერთი კატეგორიაა, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე და ესენი, ძირითადად, არიან ირანული და არაბული თაღლითური ფირმები. და მეორე კატეგორიაა, რომლებიც ძვირად ღირებულ ბინებს იძენენ ვაკეში. ვიცი, რასაც ვამბობ და ამიტომაც აუცილებელია დიფერენციაცია. ვიმეორებ, ინვესტიციის რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რამდენიც ჩვენი ქვეყნისთვისაა მომგებიანი. ბარებისა და ოფისების გასახსნელად ფართებს რომ ქირაობენ, იმავე ვერაზე, ისინი წვრილფეხა თაღლითები არიან, ძირითადად თავრიზის მხარიდან.

 

– თავიანთ მოქალაქეებს ეთაღლითებიან?

 

–  დღეს თავიანთ თანამემამულეებს ეთაღლითებიან, მაგრამ არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. იმიტომ რომ თურქებიც, კრიმინალებს ვგულისხმობ, გერმანიაში თავდაპირველად, გასული საუკუნის 50-60-ან წლებში თავიანთ თანამემამულეებს ძარცვავდნენ და ამის შემდეგ მიადგნენ გერმანიის სხვა მოქალაქეებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner