logo_geo
eng_logo
ზუზუ ბეჟაშვილი: ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი... მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი...
- +

18 აგვისტო. 2018. 00:16

 

„თავისუფლების მოყვარეა. გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს". ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია. უყვარს უცნაურობები და ძალიან მოსწონს იდუმალი ადგილები. ნაკლებად მეოჯახეა. გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას. იოლად უყვარდება, მაგრამ ძალიან ძნელია, მოანდომო ოჯახის შექმნა. დამოუკიდებლობა არ ეთმობა, მაგრამ ეს ნაბიჯი თუ გადადგა, ოჯახს აღარასდროს დაანგრევს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

 

 

- წლების წინ ასტროლოგია ნაკლებად მაინტერესებდა, არადა, გარშემო ბუმი იყო, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა. ცოტა ხნის წინ, ძველი ასტროლოგიური წიგნი ჩამივარდა ხელში და წავიკითხე თუ არა, ბევრი რამ მენიშნა. მეცნიერებაა და როგორ შეიძლება, არ დავიჯერო?

 

- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს", - წერია შენი ნიშნის დახასიათებაში. მართლა ასეა?

 

- აბა, რა! ხომ იცი, რომ ასეთი ვარ. თავისუფლების შეზღუდვა ჩემთვის იგივეა, რაც ციხეში წასვლა. შორს გაწერილი გეგმითაც არასდროს მიცხოვრია. მაქსიმუმ, შეიძლება ვიცოდე, ხვალ რას გავაკეთებ, გადაღება მაქვს თუ არა. ადამიანები 5-წლიან გეგმებს რომ აწყობენ, ამაზე მეცინება. სპონტანურობა მირჩევნია.

 

- როგორ იქცევი, როცა გრძნობ, რომ ვიღაც შენს შეზღუდვას ცდილობს?

 

- გააჩნია, "ის" ვინ არის. თავს ვერავის შევაზღუდვინებ. ყველას თავისებურად ვექცევი. არ მზღუდავს დედა და მასთან თავს კარგად ვგრძნობ.

 

- "ენერგიული და დაუმორჩილებელია".

 

- მართალია, დაუმორჩილებელიც ვარ და ენერგიულიც. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა მომენტი, როცა სფინქსივით, ფერფლიდან აღვმდგარვარ და ახალი ცხოვრება დამიწყია. ესეც დრაკონისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მე არ მეშინია ცუდი პერიოდების. ვიცი, ამას აუცილებლად კარგი და ბედნიერი დღეები ჩაანაცვლებს.

 

- შენი ენერგიის წყარო რა არის?

 

- საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია.

 

- საკუთარ თავთან კონფლიქტი რამდენად გაქვს?

 

- არ მაქვს. ვიდრე შენ არ მოგეწონება საკუთარი თავი, სხვას არ მოეწონები. უნდა იცოდე, რომ რაღაცაში მაინც, არაჩვეულებრივი ხარ, ოღონდ - ამას აფიშირება არ უნდა გაუკეთო. როცა ამ განცდას ვკარგავ, მერე დისჰარმონია მექმნება, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

 

- "ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების".

 

- შეიძლება, გარეგნულად ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდე, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობით გამოვირჩევი. უსამართლობას ვერ ვეგუები. სადაც ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობაა, ადამიანს ფეხებსაც კი დავბან, მაგრამ თუ ჩათვლის, რომ ვალდებული ვარ, დავბანო, სხვაგვარად მოვექცევი.

 

 

- გამოწვევების გეშინია?

 

- არ მეშინია, მაგრამ ზოგჯერ მეზარება.

 

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

 

- მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და ხანდახან - არც ერთი. მხოლოდ დედაა მარადიული მეგობარი. სადაც უნდა ვიყო და როგორც უნდა ვიყო, რაც უნდა შემეშალოს, დედის იმედი ყოველთვის მაქვს.

 

- დედაზე ყოველთვის დიდი სითბოთი ლაპარაკობ.

 

- შენს გაკეთებულ ერთ ინტერვიუს, სადაც დედაზე ვლაპარაკობდი, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი საზღვარგარეთიდან მირეკავდა.

 

- "ზოგჯერ ფიცხია და უტაქტო".

 

- უტაქტო ვარ, მაგრამ ამას იმ წუთში ვერ ვაცნობიერებ. დრო რომ გადის, ჩემს საქციელს მერე უფრო კარგად ვხვდები. უთქვამთ, რომ ცინიკოსის შთაბეჭდილებას ვტოვებ. არადა, ასეთი მართლა არ ვარ. სხვებშიც არ მომწონს ეს თვისება. შემოვლითი გზებითა და მინიშნებებით დავიღალე. მირჩევნია, სათქმელი პირდაპირ ვთქვა და ზოგჯერ, გარედან ეს უტაქტოდ ჩანს. უსამართლობას რომ ვეჯახები, ეგრევე ვფიცხდები.

 

- "ვნებიანი, ყურადღებიანი და მამაცია".

 

- რამდენად ყურადღებიანი ვარ, ეს სხვამ უნდა თქვას, საკუთარ თავში კი ამ თვისებას ვერ ვხედავ. ვნებიანობა ტყუპს ახასიათებს, რაც შეეხება ჩემს სიმამაცეს, რომ გითხრა, - მამაცი ვარ-მეთქი, უაზრო "ბლატაობა" გამომივა. ხანდახან ისეთი სუსტი ვარ, არაფერი მრჩება, გარდა იმისა, რომ ძლიერი ვიყო. ზოგჯერ სიმამაცე აუცილებლობითაა გამოწვეული.

 

- საზოგადოების სიყვარულს რამდენად გრძნობ?

 

- ვგრძნობ, რომ ხალხს ვუყვარვარ. ბოლო დროს უაზრო და პატარა საიტებმა ჭორი ამიგორეს, - ზუზუ ბეჟაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესო. ჩემმა ნათესავებმა ეს ამბავი განიცადეს და ვინ აღარ მირეკავდა. ჩემი ძმა 2 საათით ადრე მელაპარაკა ტელეფონზე და მასაც კი ლამის გული გაუსკდა. ნიუსი ისეთი დამაჯერებელი იყო, - მკვლე­ლმა დანაშაული აღიარაო და ა.შ. რომ უამრავი ადამიანი ანერვიულეს. შეიძლება, ვიღაც გაახარეს კიდეც.

 

- არ გაქვს სურვილი, ამ საიტებს პასუხი მოსთხოვო?

 

- რა პასუხი უნდა მოვთხოვო? ასეთი საიტები საერთოდ არ უნდა არსებობდეს!

 

- "ნაკლებად მეოჯახეა. გარეთ ყოფნა ურჩევნია შინ გაჩერებას".

 

- ეგრეა. არის პერიოდები, როცა სახლში ყოფნა მიყვარს. ბევრ სიგარეტს ვეწევი მაშინ, როცა ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად ვარ. სხვათა შორის, გარეთ ყოფნა მაშინ უფრო მინდება, როცა საკუთარ თავთან დისჰარმონიაში ვარ.

 

- "კრეატიულია. ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა".

 

- გზები თვითონ მპოულობენ.

 

- "უყვარს ფულის ხარჯვა და არ ესმის სიტყვის - "დაგროვება" მნიშვნელობა".

 

- ძალიან მინდა, დიდი ფული ვიშოვო, რომ მივხვდე, ძუნწი ვარ თუ კეთილი.

 

- "აზარტულია. ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".

 

- ჩემი აზარტულობის ამბავი შენც კარგად მოგეხსენება. ოღონდ, დავიფიცე და ახლა სამორინეში აღარ შევდივარ. ერთხელ დავიფიცე და 5 წელი არ შევედი, ახლა ისევ დავიფიცე. ახლახან დიდი თანხა წავაგე.

 

- "სენტიმენტალურია. უყვარს ბავშვობის საყვარელი იდუმალი ადგილების მონახულება".

 

- ეს მგონი, ასაკის ბრალია. ვერაზე იტალიურ ეზოსთან ჩავლა მიყვარს, სადაც ბავშვობა გავატარე, ასევე - დიღმის მასივშიც.

 

- ეგოისტი ხარ?

 

- იმდენად, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. საშინელი ეგოისტი...

 

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა გსიამოვნებს?

 

- როცა ყურადღების ცენტრში ვარ, ნერვები მეშლება, თუ არ ვარ, მიკვირს, ასე რატომ ხდება-მეთქი?

 

- "იოლად უყვარდება, მაგრამ ძნელია, მოანდომო ოჯახის შექმნა. დამოუკიდებლობა არ ეთმობა, მაგრამ ეს ნაბიჯი თუ გადადგა, ოჯახს აღარასდროს დაანგრევს".

 

- ფაქტია, აქამდე ვერ მოვინდომე. ვალდებულებები არ მიყვარს, ამას სულ ვუფრთხი და გავურბივარ.

 

- შენი თილისმა იცი, რა არის?

 

- თილისმა არ ვიცი, მაგრამ საფრთხეებისგან ჯვარი მიფარავს.

 

- შენი თილისმა ნიღაბია.

 

- ამიტომაც მოვინდომე ალბათ მსახიობობა. სულ ვამბობ, ყველანაირი ადამიანი მინდა განვასახიერო-მეთქი.

 

- რეალურ ცხოვრებაში ნიღაბს როდის ირგებ?

 

- ახლა, ამ წუთშიც ნიღაბი მაქვს, მაგრამ გულახდილი ვარ. ზოგჯერ ნიღაბს საკუთარი თავის წინაშეც ვირგებ. ეს მაშინ ხდება, როცა რაღაც არ მომწონს, როცა ჩემს თვისებებს გავურბივარ.

 

- "მასში ყოველთვის ორი ადამიანი ცხოვრობს და ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება".

 

- ასეა. 2 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ გავბედნიერდე და - პირიქით. ცვალებადობას მიზეზი ყოველთვის აქვს.

 

- ის სწრაფად იცვლის სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს, მეგობრებსა და სანაცნობო წრეს.

 

- შენ თვითონ თქვი, ეს მერამდენე სახლია, სადაც გმასპინძლობ?

 

- მესამე ან მეოთხე.

 

- ე.ი. ასტროლოგები სიმართლეს ამბობენ. რაც შეეხება მეგობრებს: ზოგიერთი ბავშვობიდან მომყვება, ზოგიერთი გაიფილტრა და ჩემს მიღმა დარჩა. მათთან ძველებურად ურთიერთობა აღარ შემიძლია. ადამიანებთან ნიღაბს არ ვირგებ.

 

- ჟურნალების კითხვას მართლა უკუღმა იწყებ?

 

- კი, "გზასაც" სულ ბოლო გვერდიდან ვკითხულობ.

 

- "მარად ახალგაზრდა და მხიარულია".

 

- 39 წლის ვარ და ერთი ჭაღარაც არ მაქვს. ტირილით არ დაგხვდი, მაგრამ პრობლემები მაკლია-მეთქი, რომ გითხრა, ტყუილი იქნება.

 

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

 

- კი, ასეა.

 

- ჯიუტიც ყოფილხარ...

 

- მოგისმენ შენ, მოვუსმენ სხვა მეგობრებს, დედას, მერე ადამიანების ლაპარაკს ერთ "ქვაბში" ჩავყრი, ზემოდან ჩემს აზრებს (ოღონდ დიდი დოზით) დავაყრი, ავურევ და შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. მე ხომ ეგოისტი ვარ.

 

- "საოცრად არაპუნქტუალურია, ყველგან იგვიანებს".

 

- ადრე მართლა ეგეთი ვიყავი, ყველგან ვაგვიანებდი, მაგრამ ჩემში ეს თვისება დავამარცხე. ახლა პირიქით მჭირს: ყველგან დათქმულ დროზე ადრე მივდივარ.

 

- "ტყუპის ხასიათში არის ბუნებრივი სიცივე".

 

- კი, ეს ჩემს ხასიათშიც აღმომიჩენია, მაგრამ საკუთარ თავთან ძალიან თბილი ვარ. ამქვეყნად ყველა ადამიანმა რომ მიმატოვოს, მარტო მაინც არ დავრჩები. მე ხომ ჩემი მეორე "მე" მყავს. საკუთარი თავისადმი ინტერესს არასდროს დავკარგავ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner