logo_geo
eng_logo
სოფელ დუისში, ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

18 აგვისტო. 2018. 17:08

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. დუისში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ეკლესია დარბაზულია (5.9×4.25 მ). ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და ქვიშაქვით დუღაბზე. გარედან და შიგნიდან შელესილი იყო. აქვს აზიდული პროპორციები. აღმოსავლეთის მხრიდან შემჯდარია მიწაში, რის გამოც აღმოსავლეთის სარკმელი თითქმის მიწის დონეზეა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთის კარი თაღოვანია, ტიმპანით დასრულებული. ჩრდილოეთის კარი სწორკუთხა იყო. აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი და თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის სარკმლის თავი ფრონტონშია გაკეთებული. სარკმლები შიგნიდან გარეთკენ შევიწროვებულია. კედლები დასრულებული ყოფილა ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით (შემორჩენილია ჩრდ-დას. კუთხეში). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი შუაში აღსავლის კარითაა გახსნილი, გვერდებზე კი თითო თაღია გადასული. თაღების საბჯენები ნახევარწრიული პილასტრებია. კანკელი შელესილია. ეკლესია დასრულებული იყო ცილინდრული კამარით.

 

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით 20 მეტრში მდებარეობს სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი (8.7×8.7 მ), რომელიც ნატეხი ქვითაა ნაგები დუღაბზე. კედლები 1.5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი ფრაგმენტულად.

 

ეკლესიას აქვს ძეგლისთვის მახასიათებელი შემდეგი ნიშნები: არქიტექტურული ფორმა, სარკმელთა და კართა მოყვანილობა, კანკელი.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner