13 მაისს „ქოლგა თბილისი ფოტო" სერგო ედიშერაშვილის პერსონალურ ფოტო-გამოფენას უმასპინძლებს.
სერგო ედიშერაშვილი 1951 წლის 21 ივნისს დაიბადა. 1974 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და გახდა ახალი ამბების მოსკოველი კორესპონდენტი საქართველოში. პირველი ფოტო 14 წლისამ გადაიღო. ზუსტად 20 წლის შემდეგ, სერგო მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის დასახელდა. გარდაქმნის პერიოდში, წამყვან ფოტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მასშტაბურ ფოტოპროექტში „ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან". 1989 წელს სერგო ედიშერაშვილი საქინფორმის ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი გახდა. მას უმუშავია „როიტერში", „ასოშიეიტედ პრესში" და უთანამშრომლია მსოფლიოს მრავალ გამოცემასთან. ასევე, გადაღებული აქვს ჩეჩნეთის, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის საომარი მოქმედებები. მას 12 ფოტოალბომი აქვს გამოცემული. უცხოეთში არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ჰქონია, საქართველოში კი მისი პირველი გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტო 2016"-ის ფარგლებში მოეწყო.
გამოფენა ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება.