საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ-მინისტრს გავუზიარე ჩვენი გარკვეული კითხვის ნიშნები. დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ ამ კანონმა არანაირად არ უნდა შეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურად ფუნქციონირების არეალი და მას უნდა შეუნარჩუნდეს ის მნიშვნელოვანი სტატუსი, რომელიც აქვს. ჩვენ ასევე დავუფიქსირეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ველით დროულ განხილვას მოსამართლეთა კანდიდატურების, რადგანაც ეს პროცესი გაიწელა. ამ პროცესის გაწელვა გარკვეულ სირთულეებს უქმნის უზენაეს სასამართლოს, რადგან იქ ნაკლებობაა მოსამართლეების. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე ბოლოს და ბოლოს უნდა იყოს პარლამენტის გადაწყვეტილება და ვერდიქტი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.