თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საბავშვო ბაღების 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდა. პირველ ეტაპზე, ტრენინგი ბაგა-ბაღების მოქმედმა ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს, რის შედეგადაც მათ სერტიფიკატები გადაეცათ,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გადამზადებულ სპეციალისტებს დღეს სერტიფიკატები და ამავე ტრენინგის ფარგლებში გამოცემული გზამკვლევები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ესწრებოდნენ.
როგორც თემურ თორდინავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტრენინგი ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნასა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მან ბაღში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სააგენტოს ინიციატივით, აღნიშნული შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღში დაშვებულია.
„ახალ ადმინისტრაციას დახვდა ის რეალობა, რომ ფსიქოლოგის შტატი ბაღების მხოლოდ 58%-ს ჰქონდა, ხოლო ლოგოპედის - 46%-ს. აღმოვაჩინეთ ასევე, რომ მშობლების უმრავლესობა მიმართავს სწორედ ისეთ ბაღებს, სადაც არიან დასაქმებულები ფსიქოლოგები და ლოგოპედები, ეს კი გადატვირთული ჯგუფების კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იწვევს, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ადგილების უკმარისობისა და ჯგუფების გადატვირთულობის მწვავე პრობლემაა.
აღნიშნული მიზეზის გამო, მშობლებს ბავშვები ერთი რაიონიდან მეორეში დაჰყავთ. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მომზადდა პროექტი და თბილისის უკლებლივ ყველა საბავშვო ბაღს გამოცდილი, კვალიფიციური და გადამზადებული ფსიქოლოგი და ლოგოპედი ეყოლება. ამ პროექტის ფარგლებშივე შეიქმნა გზამკვლევები, რომლის მიხედვითაც ამ პროფესიის ადამიანები ბაგა-ბაღებში თავიანთ საქმიანობას წარმართავენ. ჩვენი გეგმის თანახმად, მალე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღს შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებით ისარგებლოს. აღნიშნული შტატი ყველა მათგანში უკვე დაშვებულია. ვაკანტურ ადგილებზე მიმდინარეობს შესაბამისი კადრების შერჩევაც. დღეის მდგომარეობით, თბილისის მასშტაბით, 162 ბაღიდან 112-ს ჰყავს ფსიქოლოგი და 80-ს - ლოგოპედი", - აღნიშნა თემურ თორდინავამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ყველა საბავშვო ბაღს ამ პროფესიის სპეციალისტები ეყოლება, გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყება.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, ბაღის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა, მათ შორის, ფსიქოლოგების ხელფასმა 15%-ით, ლოგოპედებისამ კი 10%-ით მოიმატა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროექტი თბილისის მერიის, საკრებულოს და სააგენტოს ჰარმონიული თანამშრომლობის მაგალითია.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ორი ახალი სახელმძღვანელო - "ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში" და "კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის", რომლის მიხედვითაც იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები.