logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე მოსახლეობას სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს
- +

11 მაისი. 2016. 12:56



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძედღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა.

იმნაძემ სეზონურ ინფექციებზე და ზაფხულთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, დასრულდა ზამთრის სეზონის ვირუსები და დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები.



პაატა იმნაძემ ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება. რაც შეეხება ლეიშმანიოზს, აღმოსავლეთ საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება.



ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას დაფრინავს, შესაბამისად, პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს, წლამდე ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ არ გაიყვანონ. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია, დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა.



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის ცნობით, ლეიშმანიოზზე ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. მისი თქმით, კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება. გამოვლენა კი შემოდგომის ბოლოს ხდება.



პაატა იმნაძე ასევე ძაღლების პატრონებს ურჩევს, ვეტერინარებთან გამოიკვლიონ, აქვთ თუ არა მათ ძაღლებს ლეიშმანიოზი.



რაც შეეხება კოღოებს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფართომასშტაბიან სადეზინსექციო სამუშაოებს გეგმავენ.


პაატა იმნაძე არ ელოდება ზიკას, დენგეს და ჩიკუნგუნიას ინფექციების გავრცელებას.

რაც შეეხება ზაფხულთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საფრთხეს, ბოტულიზმს, პაატა იმნაძე ბოტულიზმის საფრთხიდან გამომდინარე, მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაამზადებენ ისეთი პროდუქტების კონსერვს, რისი თერმულად დამუშავებაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner