logo_geo
eng_logo
ანტონ სპირიდონოვი გაუჩინარებულ ტანკერზე: ამჟამად იმის თქმა, რომ გემი მეკობრეებმა გაიტაცეს, შეუძლებელია
- +

22 აგვისტო. 2018. 20:38

 

 

რუსეთის საელჩოს თანამშრომლის ანტონ სპირიდონოვის განცხადებით, გაბონის ხელისუფლებამ დაასრულა ქვეყნის სანაპიროსთან გაუჩინარებული ტანკერის ძებნა, რომლის ბორტზეც 17 ქართველი და 2 რუსი მეზღვაური იმყოფება, სამძებრო ოპერაციას ახლა მეზობელი ქვეყნები განაგრძობენ.

 

„ცნობილია, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული კომპანია Lotus Shipping-ის კუთვნილი გემის ბორტზე რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფება. ბოლო კვირის განმავლობაში საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობდა გაბონის ხელისუფლებასთან, შეიარაღებულ ძალებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, რომლებმაც გემის აღმოსაჩენად ყველა ხერხს მიმართეს და ყველა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს. ორშაბათს ოპერაცია დასრულდა, გემი აღმოჩენილი არაა, ისევე როგორც არ არსებობს ტექნოგენური კატასტროფის, ჩაძირვის ან ავარიის კვალი“, - განაცხადა დიპლომატმა.

 

მისივე თქმით, ამჟამად იმის თქმა, რომ გემი მეკობრეებმა გაიტაცეს, შეუძლებელია.

 

„ჩვენ ამის დასამტკიცებლად ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს. ვრჩებით გაბონის ხელისუფლებასთან მუდმივ კავშირზე, ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას. ჩვენი ინფორმაციით, ახლა ბერძნული კომპანია აქტიურად მუშაობს ანგოლას, კამერუნის, ეკვატორიული გვინეის, სან-ტომესა და პრინსიპის ხელისუფლებებთან, სადაც ასევე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაციები“, - აღნიშნა სპირიდონოვმა.

 

18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. გემთან - Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner