logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკატერინე მიშველაძე დაინიშნა
- +

11 მაისი. 2016. 13:36



საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ეკატერინე მიშველაძე, 2016 წლის 11 მაისიდან, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის პირველი პირის პრესსპიკერი, მედიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა.



მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ქალბატონი ეკა მიშველაძე, რომელსაც ჩემი წარდგენა დიდად არ სჭირდება. დღეიდან ქალბატონი ეკა დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად, ადამიანად, რომელსაც მედიასთან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა ექნება.

 

ქალბატონ ეკას აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ჟურნალისტიკაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იგი არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის, პრეზიდენტის გუნდისა და მთლიანად პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.



თავის მხრივ, ახალდანიშნულმა პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას ნდობისათვის და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყველა თანამშრომელს ასეთი ნდობისთვის. ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია.

 

ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც მედიაში მუშაობს, გამომდინარე იქიდან, რომ მე დიდი ხანი ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, თუმცა ახლა, გარკვეულ ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი თანამშრომლობა.

 

იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისეთივე მჭიდრო, ისეთივე კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულება, როგორ გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული ახალი გეგმები, რასაც უახლოეს დღეებში თქვენთან შეხვედრაზე აუცილებლად დეტალურად მოგახსენებთ. მანამდე კი, იმედი მაქვს, რომ ვიქნებით მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში, და ყველა წარმატებულად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ეკატერინე მიშველაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner