logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ყველაფრით უკმაყოფილოებმა ყველაფერი იციან ყველაფერზე!
- +

23 აგვისტო. 2018. 00:31

 

 

სამწუხაროდ, "ნაციონალებმა" თავიანთი ნაწილობრივ გაიტანეს და საქართველოში ყველაფრით უკმაყოფილოთა კასტა ჩამოაყალიბეს. რაც არ უნდა გაკეთდეს, რაც არ უნდა კარგი ამბავი მოხდეს, ვინც არ უნდა დანიშნონ და ვინც არ უნდა აირჩიონ თანამდებობაზე, მაინც უკმაყოფილონი არიან. ამ კასტის უნიჭო წევრებს შეუძლიათ, გააკრიტიკონ ყველა და ყველაფერი. ისინი მზად არიან, ჩიქორთული ქართულით ისაუბრონ განათლებაზე, ლანძღონ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და გამოთქვან "კომპეტენტური" აზრი კიბერნეტიკისა თუ მეღვინეობის დარგებზე. მათ იციან ყველაფერი ყველაფრის შესახებ და ისტორიულ ფაქტებსაც კი ისე განიხილავენ, თითქოს ეს ესაა დაბრუნდნენ დიდგორის ბრძოლიდან. რაც მთავარია, მათ მსჯელობას წითელ ზოლად გასდევს ზიზღი, ბოღმა და უმადურობა.

 

მაგალითად, ბოლო დროს ჩემ სოფელში (სიღნაღის რაიონში) ძალზედ კარგი რაღაცები ხდება - შიდა გზებზე ასფალტი იგება იქაც კი, სადაც კომუნისტების დროსაც კი არ დაუგიათ. თითქოს მთელ სოფელს უნდა უხაროდეს, მაგრამ არა, სადაც ჯერ არ დაუგიათ, წუწუნებენ, იფურთხებიან და ილანძღებიან, რომ მათ პატრონი არ ჰყავთ. მთელი ცხოვრება ითმენდით, ხმა არ ამოგიღიათ, ასეთ რამეზე ვერც კი იოცნებებდით, მოიცადეთ, ყველგან დააგებენ-მეთქი. არ ითმენენ, უკმაყოფილონი არიან, გზები რომ კეთდება. მადლობა ღმერთს, ასეთები შედარებით ცოტანი არსებობენ, მაგრამ მაინც არსებობენ!

 

შემდეგი მაგალითი: მას შემდეგ, რაც კახა კალაძე გახდა თბილისის მერი, ლამის ნახევარი ქალაქი გადაითხარა და დაიწყო უამრავი ქუჩის, ხიდის თუ მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია. კი შეექმნა მოსახლეობას დისკომფორტი, მაგრამ მაინც მეგონა, უკმაყოფილო არავინ იქნებოდა. სამწუხაროდ, ვცდებოდი - უცებ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სოციალური ქსელები აიკლეს, ეს რა უბედურებაა, რას თხრიან, რომ თხრიან, მტვერი გვაწუხებს და ნორმალურად გადაადგილებას ვერ ვახერხებთო. დაიწყეს მსჯელობა, ამდენი სამუშაო სექტემბრის დასაწყისში უნდა დამთავრდეს თუ ოქტომბრის შუა რიცხვებში. არ უხარიათ, არ სიამოვნებთ, ძალიან განიცდიან, ამდენი საქმე ერთდროულად რომ კეთდება. მეტიც, უმეტესობამ ზედმიწევნით კარგად იცის, სად რამდენი სანტიმეტრი ასფალტი უნდა დაიგოს და სად რამედნ მეტრზე უნდა გაითხაროს. იციან საკანალიზაციო მილების ზომა-წონა და გამოთქვამენ წუხილს, რომ ნებისმიერ საქმეში მილიონები იჭრება. არა, დაზუსტებით ვერ გეტყვიან, რამდენი მილიონი იჭრება, მაგრამ რომ იჭრება, დარწმუნებულნი არიან!

 

ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აკეთებს? ოოო... ეს ძალიან ცუდია, ამ კაცმა უკვე გაანადგურა მთელი საქართველო, გადათხარა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია... აგერ, თუ არ გჯერათ, ხომ წაიღო ღვარცოფმა იმერეთი და სვანეთი? არა, ივანიშვილს არც იმერეთში მოუგლეჯია ხეები, არც სვანეთში, მაგრამ სადაც მოგლიჯა, ხომ მოგლიჯა? გული ეთუთქებათ ასეთებს, პატრიოტიზმი აწუხებთ, საქართველოს მომავალზე ტირიან... თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩირგვებში იმალებიან. სადმე ხიდი კეთდება? არ ვარგა! სადმე გზა კეთდება? არ ვარგა! ახალი გუბერნატორები დანიშნეს? უი, უი, უი, არც ერთი არ ვარგა, ყველა კორუმპირებული და გათახსირებულია. არადა, დაწვრილებით რომ გამოჰკითხო, არც ერთს არ იცნობენ, არც ერთს არ გამოლაპარაკებიან და არც მათი ბიოგრაფიები წაუკითხავთ. კი, არ იცნობენ, მაგრამ მაინც ცუდები არიან!

 

ყველა ჟურნალისტი გაუნათლებელია, არც ერთმა არ იცის წერა-კითხვა, არც ლაპარაკი, ჭკვიანები თვითონ არიან, მაგრამ ვინაიდან პატრონი არ ჰყავთ, სახლში სხედან. წერენ, წერენ და წერენ ჩიქორთული ქართულით, სასვენი ნიშნების გარეშე, ლათინური შრიფტით... წერენ უამრავ სისულელეს, მაგრამ მაინც ჭკვიანები არიან!

 

დაიღალა საზოგადოება ასეთთა ყატყატით და უაზრო გარჩევებით. დაიღალა საზოგადოება ამდენი ბოღმით, უმადურობით, დაუნახაობით და ლანძღვა-გინებით, ამდენი მცოდნე, მაგრამ უსაქმური ხალხით. ნებისმიერს რომ ჰკითხო, სამუშაო არ აქვს, თუ შესთავაზებ - არ უნდა, ან ეზარება, ან სოციალურს მოუხსნიან. სხვათა შორის, ეს სოციალურიც დიდ მანკიერებად გადაიქცა, უსაქმურთა წახალისებაა და მეტი არაფერი. ერთ ახალგაზრდას, ჩემ ახლობელს 800-ლარიანი სამუშაო შესთავაზეს და ხელები გაასავსავა, ჩემ ოჯახს 60-ლარიან დახმარებას მოუხსნიანო. ბევრი არ არი, მაგრამ მაინც გარანტირებულიაო. რასაკვირველია, ეს ახალგაზრდაც ყველაფრით უკმაყოფილოა, არაფერი არ მოსწონს და ვერავის ვერ იტანს. რაც მთავარია, მან ყველაფერი იცის - პოლიტიკაც, მეცნიერებაც, ხელოვნებაც, მშენებლობაც და სახელმწიფოს მართვის საკითხებიც. თუ შესთავაზებენ, არც პრეზიდენტობაზე იტყვის უარს. თუ თვითონ და მისი ძმაკაცები არ იქნებიან ხელისუფლებაში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. მერე რა, თუ ცოტა წაულოთებენ და ხანდახან ბალახსაც წაუქიშინებენ? ეგ არაფერი, ეგ დასავლური ღირებულებაა, თუ არ დალიეს და პაწა არ ჩაბოლდნენ, მაშინ პუტინის მონები გამოდიან!

 

რა გინდა, რომ გააკეთო? "ნაცხროვამ" მაინც მოახერხა, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი (ბოდიში და) გამოეყ...ევებინა და ვფიქრობ, ამ გამოყ...ევებულთა კასტას აღარაფერი ეშველება, აწი ახალი თაობებია საჭირო, მაგრამ ისინი კი გაიზრდებიან ნორმალურები? რა ვიცი, რა ვიცი!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner