logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: არსებობს მიზეზი, რამაც გამოიწვია არმაზ ახვლედიანის დემარში...
- +

11 მაისი. 2016. 13:38



არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია „ქართული ოცნების" დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაზე მამუკა არეშიძე საუბრობს; როგორც ექსპერტმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახვლედიანის ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული აქტივობა მეტ-ნაკლებად ხელოვნურია. ამასთან, ექსპერტის შეფასებით, „ქართული ოცნების" ყოფილი წევრის ზოგი პრეტენზია მართებულია, მაგრამ არეშიძის აზრით, ახვლედიანს ჯერ საკითხები უნდა განეხილა გუნდის შიგნით და შემდეგ გამოეტანა სააშკარაოზე.



„ცოტა არ იყოს უცნაურია, რაც მოხდა. მე შევეცადე, გამერკვია პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრთან, რამდენად ჰქონდათ მათ კომუნიკაცია თავის დროზე არმაზ ახვლედიანთან, აყენებდა თუ არა არმაზ ახვლედიანი პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმ საკითხებს, რომელიც მან ამ ბოლო დროს გაახმაურა. თითქმის ერთხმად მითხრა რამდენიმე პოლიტიკოსმა, რომ არმაზ ახვლედიანი არასოდეს ცდილობდა, გაეაქტიურებინა თავისი როლი პოლიტსაბჭოს სხდომებზე, პარტიაში და რომ ამ ტიპის პრეტენზიებს არასოდეს არ აყენებდა.

 

 

ამდენად, ვფიქრობ, რომ არმაზ ახვლედიანის ბოლო თვეების აქტივობა ცოტა ხელოვნურია. აქვე ვიტყვი, რომ ზოგი მისი პრეტენზია მართებული, მაგრამ ჯერ საკითხები უნდა განეხილა გუნდში და მერე გამოეტანა სააშკარაოზე", - განაცხადა არეშიძემ.



ექსპერტის თქმით, არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ახვლედიანმა პარტია დატოვა, თუმცა, ეს არ უკავშირდება იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა.



„ვფიქრობ, არსებობს კონკრეტული მიზეზი, რამაც გამოიწვია არმაზ ახვლედიანის დემარში. თავის დროზე მასზე გარკვეული იმედები მყარდებოდა პარტიაში. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობის სწორედ ის იყო. ბოლო მომენტში შეიცვალა. მაგრამ მას ბუნება აქვს ასეთი, რომ არ არის აქტიური. ჩვენ 1995 წელს ვიყავით დეპუტატები და მახსოვს, რომ დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მას გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება საკმაოდ აქვს, მაგრამ იმ ტიპის აქტივობა, რომელიც მისგან ვიხილეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩემთვის მოულოდნელი იყო. მისი აქტივობა იქცა საზოგადოებრივ აქტივობად და პრობლემური საკითხები მას არ დაუყენებია პარტიის შიგნით. ეს კი მაფიქრებინებს, რომ  რაღაც სხვა მიზეზი დგას ამ ყველაფრის უკან.

 

 

არსებობს ვერსია, რომ ის ვერ მოხვდა საარჩევნო სიაში, რამაც გამოიწვია მისი დემარში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სხვა მიზეზი არსებობს. თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ მოხვედრილიყო სიაში, მას მაინც ჰქონდა. ასე რომ, ეს შესასწავლი თემაა და ალბათ ადრე თუ გვიან საზოგადოებისთვის, მედიისთვის ცნობილი გახდება, რა მოხდა რეალურად", - განაცხადა არეშიძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner