logo_geo
eng_logo
გემის კვალს, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს
- +

23 აგვისტო. 2018. 12:36

 

 

„პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის სამძებრო სამუშაოები, რომელზეც ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ, აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ქმედითი და ხელშესახები ინფორმაცია არ გვაქვს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც გაბონი, ასევე მეზობელი სახელმწიფოები. ამასთან, მისივე ინფორმაციით, კვლავ აქტიურად განიხილება მეკობრეების მონაწილეობის საკითხი.

 

„ამ საკითხზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაიმე ქმედითი და ხელშესახები ინფორმაცია არ გვაქვს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან გაბონიც და მეზობელი სახელმწიფოებიც. ყველა მხარე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით კვალს ვერ მიაკვლიეს.

 

იქ ისეთი გეოგრაფიული ლანდშაფტია, რომ მარტივია ობიექტი მიიმალოს ან ვინმემ დამალოს. ამ ეტაპზე ინფორმაცია, რომ გემს მიაკვლიეს, არ გვაქვს. მთავარია ახლა გემის ადგილმდებარეობის დადგენა მოხდეს.

 

კვლავ რჩება მეკობრეების ვერსია. თუმცა განსხვავებით სომალის ყურიდან, სადაც მეზღვაურებზე ან გემებზე ნადირობენ, ამ შემთხვევაში თვითონ ტვირთებზე მიმდინარეობს ნადირობა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

 

18 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. გემთან - Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner