საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა საერთაშორისო შეჯიბრება „ძლიერთა თამაშების" ფარგლებში გამართულ მჯდომარე ფრენბურთის ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი სამხედროები ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდთან - ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ. ხოლო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
ამ დროისთვის მოასპარეზე ქართველი სამხედროების ანგარიშზე კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ირიცხება, რომელიც 100 მეტრზე სირბილში სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა მოიპოვა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობენ.
საერთაშორისო შეჯიბრება უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში იმართება. სპორტული ღონისძიება 8 მაისს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება.