ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ქორწინების და ოჯახის მკაფიო დეფინიციის საკითხებს განსაზღრავს, სარეფერენდუმო საკითხად განისაზღვროს.
„ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის კონსტანტინე სალუქვაძის განცხადებით, კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმა ცალსახად აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება კონსტიტუციაში ქორწინებისა და ოჯახის ცნებების მკაფიოდ დაზუსტების საკითხს, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის თუ ლობისტური ჯგუფის წინააღმდეგობრივმა პოზიციამ, შესაძლებელია, პროცესის არასწორი ინტერპრეტაცია შექმნას და საკითხი იდენტური უმცირესობის წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებად წარმოაჩინოს. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ კანონპროექტს უნდა გააჩნდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და იურიდიული ლეგიტიმაცია. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს საკანომდებლო ორგანო გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია, საყოველთაო მნიშვნელობის საკითხები განისაზღვროს პირდაპირი დემოკრატიის უფრო მაღალი ფორმით - ხალხმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს რეფერენდუმის გზით.
„ახალგაზრდა ადვოკატები" მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკითხი - საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ქორწინების და ოჯახის დაზუსტებული დეფინიცია, განისაზღროს სარეფერენდუმო საკითხად. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია, რეფერენდუმი ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების დღეს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეფერენდუმისთვის საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯს. ამასთან, საკითხის რეფერენდუმზე გადაწყვეტა იქნება მაღალი პოლიტიკური და იურიდიული ლეგიტიმაციის აქტი, რომლის ნამდვილობასაც, მომავალში, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია თუ ლობისტური ჯგუფი ვერ დააყენებს, ვინაიდან რეფერენდუმი გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების უშუალო განწყობას და რეფერენდუმზე განსაზღვრული საკითხის შეცვლის მექანიზმი არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ გააჩნია", - განაცხადა სალუქვაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.
მისი თქმით, სახელმწიფო ცალსახად იცავს განსხვავებული იდენტობის მქონე ჯგუფის ინტერესებს, რასაც მოწმობს 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაც.
„სწორედ აღნიშნული კანონის საფუძველზე, სახელმწიფო მოქალაქეებს მათი ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, იდენტობისა და ორიენტაციის მიუხედავად, თანაბრად იცავს. ამასთან, საზოგადოების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქორწინება არის განსხვავებული სქესის მქონე ადამიანთა კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით და ეს სწორედ კონსტიტუციის დონეზე უნდა განისაზღვროს. შემოთავაზებული კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვითვე, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირება. მიუხედავად იმისა, რომ სადავო არ არის კონსტიტუციის 36-ე მუხლის შინაარსიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისობა, არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები დაასრულებდა საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ სივრცეში არსებულ სპეკულაციებს და მოხსნიდა მოქალაქეებში არსებულ სტერეოტიპულ შეხედულებებსა და გაორებულ დამოკიდებულებებს", - განაცხადა იურისტმა.