„საქართველოდან წავედი 1986 წელს, ვმსახურობდი ჯერ მოსკოვის მახლობლად და შემდგომ კიევის მახლობლად. კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი საბჭოთა არმიის რიგებში, 1988 წლამდე. 1988 წლის მაისში დავბრუნდი საქართველოში, მივედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეგობრების სანახავად."- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გადაცემაში „სუბიექტური აზრი" კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებას იხსენებს.
უსუფაშვილის თქმით, როდესაც იგი 1988 წელს საქართველოში ჩამოვიდა, ვითარება შეცვლილი დახვდა. ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან საუბარში უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შესახებაც საუბრობს, როგორც აღმოჩნდა, 9 აპრილს დავით უსუფაშვილი ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ნათლად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საქართველოში ხელისუფლება იყო შესაცვლელი.
„საქართველო დავტოვე 1986 წლის მდგომარეობით და ჩამოვედი 1988 წლის მაისში, ეს იყო ორი სხვადასხვა ქვეყანა და ორი სხვადასხვა მდგომარეობა. უნივერსიტეტში მივედი და ვხედავ ხალხია შეკრებილი, ვხედავ იურისტი სტუდენტები წითელი სამკლავურებით დგანან ე.წ. „ატცეპლენიეში", მორიგეები და ა.შ. ის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც მე დავტოვე, ეს იყო საბჭოთა პოლიციური სისტემის პირდაპირი გაგრძელება. ითვლებდა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე იზრდებოდნენ პოლიციელები, პროკურორები და ა.შ.
იქ დავდექი ჩემი ცხოვრების არჩევანის წინაშე, ან უნდა ჩავმდგარიყავი წითელი სამკლავურით და წესრიგი დამეცვა, ან უნდა შევერთებოდი იმ ხალხს, ესენი იყვნენ დათო ტურაშვილი, ირაკლი მელაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე და სხვები. გადავდგი ნაბიჯი და შევუერთდი იმ დემონსტრაციას. რამოდეიმე სტუდენტმა დავიწყეთ პარტიული ორგანიზაციის დემონტაჟის მცდელობა.
პარტია დავტოვე 1990 წლის გაზაფხულზე..."- იხსენებს უსუფაშვილი.
„მაგაშია საქმე, 9 აპრილის შემდეგ იყავი პარტიაში"- მიმართა შალვა რამიშვილმა კითხვით დავით უსუფაშვილს.
„ეს ძალიან სერიოზული თემაა. დღეს, როდესაც საზოგადოებაში არის მითი დანერგილი, რომ თურმე 1970 წელში, როდესაც „რესპუბლიკურ პარტიას" ქმნიდნენ ჩემი მეგობრები, ან ტუნდაც 80-იან წლებში, ან თუნდაც 90-იანი წლების დადგომამდე საქართველოში ხუთიდან ოთხ მოქალაქეს ჩამოყალიბებული ჰქონდა რწმენა, რა იყო სწორი და რა იყო არასწორი, ეს ასე არ იყო. ჩვენ 1988 წლის შემოდგომაზე შევქმენით სტუდენტ იურისტთა კლუბი და დავიწყეთ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის წერა, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოს რამდენი დღე ჰქონდა დარჩენილი არავინ იცის.
მე 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც ვნახე ხალხი, რომლებიც სწორედ კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდნენ და 9 აპრილის ფონზე დაიწყეს მანდატების ხევა, მე ფარისევლობის გარდა ვერაფერს დავარქმევ.
ხელისუფლება იყო შესაცვლელი, კომუნისტობაში არ იყო პრობლემა."- განაცხადა უსუფაშვილმა.