საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულება დაიხურება.
„სამინისტრო მუდმივად ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა დაწესებულებების რემონტსა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამ ეტაპისათვის აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ლაითურის პროექტი. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან ლაითურში, ხოლო N7 დაწესებულება დაიხურება.
რაც შეეხება N7 დაწესებულებაში არსებულ ამჟამინდელ პირობებს, დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს. სარემონტო სამუშაოების პროექტი უკვე მზად არის.
N7 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია სხვა დაწესებულებებში. დღესდღეობით იქ 25 მსჯავრდებული/ბრალდებული რჩება. N7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე 4კვ მ. ფართი, ხოლო ბრალდებულზე - 3 კვ.მ.-ია გათვალისწინებული მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის მომსახურება, რომელიც აღნიშნული რისკის დაწესებულებისთვის არის განსაზღვრული", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმება კვლავ მოითხოვა.