საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვაზიანში, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016"-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველოში არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება.
„ორი კარგი ამბავი მინდა გითხრათ - ერთი: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, აუცილებლად გახდება ამ ერთობის დემოკრატიული ოჯახის წევრი ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, ზუსტად ისე, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე - ერთიანი დემოკრატიული და თავისუფალი საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით.
რატომ არის ეს წვრთნები ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული? - იმ ბევრ მიზეზს შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ სწორედ ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული NATO-ს რეაგირების ძალების შენაერთი. პირველი ოფიციალური NATO-ს ქართული შენაერთი - NATO-ს სამკლაურებით და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ სწავლებას თან გასდევს და მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მაღლა სწევს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრის თქმით, საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ამისთვის სწორედ ის ახალგაზრდა თაობა იბრძოლებს, რომელიც დღეს წვრთნებში ჩაერთო.
„მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ ამ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილები მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. აქ, ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით. საქართველოში სწორედ ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს. თაობებს გაჰყვება ეს შემართება და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი.
საქართველო 21-ე საუკუნის შესაბამისი ღირსეული სახელმწიფოა, რომელიც ძალიან მძლავრი და ძალიან მყარი ნაბიჯებით მიაბიჯებს ევროატლანტიკური სივრცისკენ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ კურსიდან გადაგვახვევინებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.