ცნობილ მუსიკოს თამაზ ყურაშვილთან ეს ინტერვიუ, გასულ წელს მოამზადა „თათუზას“ და „რეპორტიორის“ დიდმა მეგობარმა ვახტანგ კობაიძემ (კოკოშა). „რეპორტიორი“ ულოცავს თამაზ ყურაშვილს დაბადებიდან 71 -ე წლისთავს და ვფიქრობთ, დღესაც ინტერესით გაეცნობით თბილისელი ჯაზმენის ისტორიას:
წლევანდელი წელი განსაკუთრებულია მის ცხოვრებაში. ორმაგად საიუბილეო თარიღი აქვს - 70 წელი დაბადებიდან და 50 წელი შემოქმედებითი მოღვაწეობის.
ჩვენმა ბავშვობამ ერთად გაიარა, მერე იყო მისი გატაცება ჯაზური მუსიკით, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა და დიდი მწვერვალებსაც მიაღწია. პოლონელმა მესაყვირემ ტომაშ სტანკიმ ერთხელ აღნიშნა: „ჯაზი, ჩვენთვის, თავისუფლების ტოლფასი იყო -კომუნიზმის საპირისპირო ცნება“. თათუზამ (ამ სახელით იცნობენ მუსიკალურ სამყაროში), თითქმის მარტომ შეძლო ათასობით ქართველის მენტალიტეტის რუკაზე ჯაზისა და მასთან დაკავშირებული თავისუფლების გატანა. თათუზას ლეგენდა არ არის გამოგონილი ამბავი, ეს რეალობაა, დიდი შრომისა და თავდადების ნაყოფი. მასზე უკეთ არავინ იცის როგორ გაიარა ამ 50 წელმა და ამიტომ აჯობებს მას მოვუსმინოთ:
- ჩემო ვახტანგ, დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ასაკს მიაღწევ და განვლილ ეტაპს ისე გადმოხედავ, ამაყად ჰქვია, სასიამოვნოდ თუ სიხარულით. უამრავი რამ შეიძლება გავიხსენო, ამასთან, სულ დადებითი, სულიერად ამაღლებული და კარგად გასახსენებელი. ჯაზში მოვედი ყურით(!), ყური თუ არ გაქვს, ჯაზს ვერ მიუახლოვდები. ძალიან პატარა ვიყავი, 6 თუ 7 წლის, როდესაც ჩემმა მშობლებმა რადიოლა „მირი“ შეიძინეს და ამ სიხარულთან ერთად, რაც მთავარია, მოულოდნელად ჩაირთო ამერიკის ხმა, საიდანაც თვით ლუი არმსტრონგი 00.15 წუთიდან პირველ საათამდე ჯაზზე საუბრობდა. მოგვიანებით, როდესაც პირადად გავიცანი, ვუთხარი 1957 წლიდან გისმენთ და მაგ გადაცემაზე გავიზარდე მეთქი, გაიცინა და მიპასუხა შენო მთელი წელი გაგიცდენიაო, მე 56-ში დავაარსე ეს არხიო. სანამ გავიცნობდი პირადად, მისი ხმით ვიყავი აღფრთოვანებული და მოჯადოებული. ხმა ხმას გააჩნია, ტემბრი ტემბრია, მაგრამ აქ იყო კიდევ ის დიდი სიღრმე, დიდი სიყვარული ამ ხელოვნების მიმართ და როცა ასეთი პიროვნება უწევს პროპაგანდას, შეუძლებელია არ „მოიწამლო“ ჯაზით.
ეს იყო ჩემთვის პირველი დიდი ნაბიჯი, რამაც ჩემი ხედვა რადიკალურად შეცვალა. ახალი ფენომენი გამოჩნდა, რომელიც უცხო იყო, შეუსწავლელი და ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ჩემთვის დაბალი სიხშირეებია მიმზიდველი, კონტრაბასში წამყვანი სწორედ დაბალი ბგერებია, ეს რომ არ იყოს მუსიკაში და ხელოვნებაში ჟღერადობა არ იქნება გამართული. ამას აკეთებდა კონტრაბასი, რომელიც ისე განვითარდა, რომ დღეს მაგალითად, როგორც ვიოლინოა სოლისტი ინსტრუმენტი - ისევეა კონტრაბასი.
მართალი გითხრათ, დიდი ხელის შეწყობა ჯაზის განვითარებას საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს არ ჰქონდა. უფრო მეტიც, დევნიდნენ ამ ჟანრის მოყვარულებს, შეიძლება კანონებით არა, მაგრამ აკრძალული იყო, აკავებდნენ ხალხს, უკრძალავდნენ. ბაქო უდავოდ პირველია, რადგან ამერიკის ხმის გარდა კიდევ იყო აღმოსავლური რადიოსადგურები. ამან აკრძალული ხილის შეყვარებაში თავისებური კატალიზატორის როლი ითამაშა.
მეორე დიდი სტიმული ჩემთვის ვაგიფ მუსტაფა-ზადეს გაცნობა გახლდათ. მოწვეული იყო ორერაში, კონცერტმეისტერად. მანამდე არ ვიცოდი, თუ ასეთი პიანისტი არსებობდა და ასე ასრულებდა ჯაზურ მუსიკას. პირველი დღიდანვე დავმეგობრდით. მაშინ არ ვიყავი იმ დონეზე, რომ მის გვერდში დავმდგარიყავი. სადღაც გასტროლებზე მიდიოდა რომ ვკითხე – ვაგიფ რამდენი ხანი მოვუნდები, რომ ვისწავლო ეს ინსტრუმენტი მეთქი. მინიმუმ ორი წელიო. 8 თვეში რომ ჩამოვიდა, მე უკვე შემსრულებელი ვიყავი და იმ დღიდან ერთად ვუკრავდით, სანამ 1979 წელს ძალიან ახალგაზრდა, 38 წლისა არ გარდაიცვალა. შემდეგ იყო უამრავი პროფესიული შეხვედრები, ყალიბდებოდა შემოქმედებითი ურთიერთობები. ჯაზი ისეთი ხელოვნებაა, რომ როგორც კი შეწყვეტ სწავლას, სიახლის და ინფორმაციის ათვისებას, ჩერდები.
თამაზ ყურაშვილი და ვახტანგ კობაიძე
ჩემი ოჯახის წევრი, შვილიშვილი, გახლავთ ჩემი ქალბატონი მეა, რომელსაც ძალიან უყვარს ჯაზი, იმიტომ რომ დაბადებიდან კარგ მუსიკას ისმენს ოჯახში და თავისი გემოვნება ჩამოუყალიბდა, თავისი ურთიერთობა მუსიკასთან. მოხარული ვარ, რომ ჯაზი თვითონ აირჩია და თვითონ მიიღო. ეს დიდ რამეს ნიშნავს, შემდგომში მას მუსიკას ვერ შეაძულებ, გამორიცხულია.
დღევანდელობაზე რა ვთქვა, ამაყი ვარ, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები წამოიზარდნენ, უკვე ვარსკვლავებს ეთამაშებიან და ამაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის. კერძოდ ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე, ორივე ამერიკაშია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიდეს ამ საინტერესო მიმდინარეობის გასაცნობად, სასწავლად, შესაყვარებლად, იმიტომ, რომ ეს არის საოცარი ინტელექტის, საოცარი სიხარულის, საოცარი სამყაროს შეცნობის საშუალება.
ჩემო ვახტანგ, რომ არ ელოდები არაფერს მსგავსს და უცებ გაღიარებენ, გიხსნიან ვარსკვლავს როგორც ჯაზმენს, სიხარულს ვერ ვმალავ ვერც შენთან და ვერც სხვასთან. მინდა ბევრმა ახალგაზრდამ მიაღწიოს ამას.
ჩემი ხვალინდელი დღე - ჩემი მეაა. ხვალიდან ვიფიქრებთ, როგორ წარვმართოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება. 70 წელი ბევრი არ მგონია, მაგრამ არც ცოტაა, ამიტომ კიდევ ბევრი რამის მოსწრება მინდა, განსაკუთრებით კი მეას წარმატებების…
ვახტანგ კობაიძე